უკანონოდ იქნეს ცნობილი საერთაშორისო აეროპორტ „სოხუმის“ საქმიანობის აღდგენისა და რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „შეთანხმება“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო
უკანონოდ იქნეს ცნობილი საერთაშორისო აეროპორტ „სოხუმის“ საქმიანობის აღდგენისა და რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №14-რს დადგენილებაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია განმარტებული, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებს შორის 2023 წლის 16 ივნისს ხელი მოეწერა ე.წ. შეთანხმებას საერთაშორისო აეროპორტ „სოხუმის“ საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე. 2023 წლის 26 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი „რატიფიცირება“ მოახდინა.
„შეთანხმება“ ითვალისწინებს ე.წ. აფხაზური მხარის მიერ რუსეთის იურიდიული პირისთვის, რომლის ვინაობა ცნობილი არ არის, მიწის ნაკვეთებისა და შესაბამის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემას, ასევე სრულიად გაუმართლებელი შეღავათებისა და გარანტიების მინიჭებას, აფხაზური მხარისთვის ცალმხრივი კაბალური ვალდებულებების დაკისრებას.
„„შეთანხმება“ ეწინააღმდეგება აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის ინტერესებს. მისი გაფორმება მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის აეროპორტის მისაკუთრებას. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის უკანონო გადაწყვეტილებით იგი წინასწარ იქნა მიმაგრებული როსტოვის ოლქის საჰაერო სივრცეზე. იმავე გადაწყვეტილებით მას ასევე უკანონოდ აქვს მინიჭებული რუსული კოდი (URAS) და ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ აეროპორტის აღდგენის რუსული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, რაც დამატებით საფრთხეს შეუქმნის საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. აეროპორტის ექსპლუატაციის უზრუნველყოფის საბაბით იგეგმება რუსეთიდან ასობით სპეციალისტის ჩამოსახლება და აღნიშნულ ობიექტზე დასაქმება. ამრიგად, „შეთანხმება“ მთლიანად თავსდება მცოცავი ანექსიის პოლიტიკის ჩარჩოებში; ამასთანავე, იგი წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის და სანქცირებული ტვირთების გადაზიდვის საშუალებას.
„შეთანხმება“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) 2006 წლის აგვისტოდან გაუქმებული აქვს სოხუმის აეროპორტის კოდი. შესაბამისად, მისი ამოქმედება ეწინააღმდეგება აღნიშნული ორგანიზაციის მოთხოვნებს. მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად აღიარების, საქართველოს მთავრობის წინადადებით მისთვის კოდის კვლავ მინიჭებისა და საერთაშორისო ფრენების განხორციელების ნებართვის გაცემის უფლება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს:
უკანონოდ იქნეს ცნობილი საერთაშორისო აეროპორტ „სოხუმის“ საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია დადგენილებაში.