ხელისუფლება თავისუფალი ტურისტული ზონებით ინვესტორთა დაინტერესებას დამატებითი შეღავათებით ცდილობს
უკრაინელმა ინვესტორებმა ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარებაზე უარი თქვეს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ოდესაში ამ საკითხზე შეხვედრებიც დაგეგმილი იყო, თუმცა, თემას გაგრძელება არ მოჰყოლია. როგორც აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული შეხვედრა არ შედგა, მიზეზს კი უწყებაში არ აკონკრეტებენ.
ქობულეთის ტურისტული ზონისადმი უკრაინელმა ინვესტორებმა ინტერესი 2015 წლის მაისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე გამოხატეს. მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძე აცხადებდა, რომ კომპანიები უზრუნველყოფენ გარანტიების წარდგენას, რათა ინვესტორებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ. სახელმწიფო კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტები შეფასდეს და ინვესტორებს მიეწოდოს ზუსტი მონაცემები, მათ შორის პროექტის ღირებულება, მათი ინვესტიციები კი, ბალაძის თქმით, დაცული იქნება.
ზოგადად, ტურისტული ზონებისადმი ხელისუფლება მიდგომებს ცვლის და ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებას ცდილობს. საუბარია "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით მომზადდა.
სამინისტროს საინვესტიციო და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ცეცხლაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ცვლილებებით, ინვესტორების ინტერესების უფრო მეტად გათვალისწინება მოხდა. ცეცხლაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში 3 თავისუფალი ტურისტული ზონაა, სადაც რამდენიმე ოპერატორი საქმიანობს. მათთან აქტიური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის შემდეგ კი დადგა იმის საჭიროება, რომ კანონი უფრო მეტად გასაგები და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მორგებული ყოფილიყო.
„კანონში ცვლილებები წლის ბოლომდე შევა. დღეს საქართველოში, ანაკლიის, განმუხურის და ქობულეთის ტურისტული ზონა არსებობს. ანაკლიაში ორი ინვესტორი საქმიანობს, სასტუმროს აშენებს და ქობულეთშიც, დაახლოებით ამდენივეა. მათ შორისაა სომეხი და ადგილობრივი ინვესტორები. მათთან კომუნიკაციით გაირკვა, რომ კანონში ცვლილებები მათ საქმიანობას უფრო აქტიურს გახდიდა, ასევე სხვა ინვესტორების დაინტერესებაც გაიზრდებოდა"-აცხადებს ცეცხლაძე.
იყო თუ არა უკრაინელი ინვესტორის მხრიდან ქობულეთის თავისუფალ ტურისტული ზონაზე უარის თქმის მიზეზი, არსებული კანონმდებლობა უცნობია. თუმცა, დღეს ცეცხლაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და ის უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. საკანონმდებლო ორგანო კი წლის ბოლომდე მას აუცილებლად მიიღებს.
ცვლილებები ძირითადად თავისუფალ ტურისტულ ზონებში ინვესტორთა ვალდებულებებს და მათთვის კანონით განსაზღვრულ საშეღავათო პირობებს ეხება.
"თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონი თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის პირობებს, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს ადგენს. აღნიშნული კანონი ქობულეთის, ანაკლიის, განმუხურის და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე ვრცელდება.
მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტით, კანონის მოქმედების სფერო ფართოვდება და იგი არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონებაზე გავრცელდება.
დღეს მოქმედი კანონით, ინვესტორი ვალდებულია, თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სასტუმროს ტერიტორიაზე, სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობა განახორციელოს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, ინვესტორი ასეთი ვალდებულებისგან თავისუფლდება. სასტუმროსთან თავსებადი საქმიანობის ნუსხას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრავს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ნუსხა ინვესტორებს დამატებით ბარიერებს უქმნის იმ კუთხით, რომ ავალდებულებს მათ, სასტუმროში განახორციელონ ისეთი საქმიანობა, როგორიც არის კაზინო, ასევე მოაწყონ საცურაო აუზი ან აკვა-პარკი, მაშინ როდესაც შესაძლოა ამის საჭიროება არ არსებობდეს და ინვესტორის ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდიდეს. მეორეს მხრივ, აღნიშნულ ნუსხაში გათვალისწინებულია ოთახის გაქირავება და კვება, რაც საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს შემადგენელ ნაწილს ისედაც წარმოადგენს.
რაც შეეხება თავისუფალ ტურისტულ ზონებში საშეღავათო პირობებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, კანონში ზუსტდება, რომ ინვესტორები ქონებისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან 2026 წლის 1 იანვრამდე იქნებიან გათავისუფლებული. ეს სწორედ ის ვადაა, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობაშია მითითებული. გარდა ამისა, სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დამატებითი ვადის ზედა ზღვარი - სამი თვე, აღარ იქნება დაწესებული.
დღეს მოქმედი კანონით, ინვესტორს, დადგენილ ვადაში სასტუმროს დაუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების მმართველი 3-თვიან დამატებით ვადას აძლევს. ეს კი იცვლება და პარლამენტში ინიცირებული პროექტით, ინვესტორს დამატებითი ვადა ქონების მმართველის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით მიეცემა. შესაბამისად, ეს ვადა შესაძლოა 3 თვეზე მეტიც იყოს.