კომპანია “გუდაური ჰელისკის” დამფუძნებლის ვატო ასათაშვილის განცხადებით, ანაკლია ახალი კურორტია და მას სჭირდება პოპულარიზაცია, ამიტომ ფესტივალების წყვეტა არ უნდა იყოს.
ასე შეაფასა ასათაშვილმა bm.ge-თან საუბრისას ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას ის განცხადება, რომლის თანახმად, წელს მთავრობა ანაკლიაში ფესტივალს ნაღდი ფულით არ დააფინანსებს.
“ჩემი აზრით, ანაკლიის თემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საზღვრისპირა ზოლია, მეორე იმიტომ, რომ ახალი კურორტია და მესამე – ამ ახალ კურორტს სჭირდება პოპულარიზაცია, სჭირდება „ამოქაჩვა“, სჭირდება ხალხის მოზიდვა. ვფიქრობ, თავიდანვე გადაწყვეტილების მიღება, რომ იქ რაღაც ელექტრონული ფესტივალი უნდა გაკეთებულიყო და სხვადასხვა საშუალებით ბევრი ხალხი ჩამოიყვანეს, ეს იყო ძალიან კარგი. ახლაც საჭიროა ამის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხარვეზები იყო, მაინც ანაკლიის განვითარებაზე მიდიოდა მუშაობა… დღესდღეობით, ამის წყვეტა გამოიწვევს იმ კერძო სექტორის ვინც იქ თუნდაც ორი კვირის განმავლობაში ბიზნესს აკეთებდა, გამოთიშვას ან მათი ინტერესების სხვაგან გადაყვანას”, – აცხადებს ვატო ასათაშვილი.
კომპანია “გუდაური ჰელისკის” დამფუძნებელი ფიქრობს, რომ რადგან მილიონიბით ლარია უკვე დახარჯული და ინფრასტრუქტურა მოწყობილია, ფესტივალების მხარდაჭერა და დაფინანსება უნდა გაგრძელდეს.
“უნდა გაგრძელდეს იმიტომ რომ ისევ და ისევ წყვეტა არ იყოს და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერსპექტივაში უბრალოდ შევთანხმდეთ, რა გვინდა ანაკლიისგან – გვინდა, რომ იყოს კურორტი, გვინდა რომ იყოს რაღაც დასასვენებელი მხარე თუ ვთქვათ, რომ ეს იყო წყალში გადაყრილი ფული და იქ მეტი არაფერი არ უნდა იყოს და ისევ უნდა დავაჭაობოთ იქაურობა. აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩამვოყალიბდეთ გრძელვადიან ხედვაზე და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ რამდენს დავხარჯავთ; სამწუხაროდ, არათუ – გრძელვადიანი, არამედ მოკლევადიანი ხედვაც არ გვაქვს”, – აღნიშნა ასათაშვილმა.
ცნობისთვის: 2014-დან 2018 წლის ჩათვლით, ანაკლიაში ელექტრონული ფესტივალი 5-ჯერ გაიმართა, საიდანაც ბოლო სამი ფესტივალი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჩატარდა და ჯამში, 10 მლნ ლარი გამოიყო.