უნიკალური, მაგრამ დეფიციტური „რაჭული მწვანე“: „ყურძნის ეს უძველესი ჯიში მცირე წარმოებისთვის საკმაოდ მიმზიდველია“
„თუ „რაჭული მწვანეს“ ზვრები გაშენდება და დეფიციტური აღარ იქნება, ცალკე ღვინოდ დაიწურება და მისი სხვა ყურძნით გაზავება საჭირო აღარ გახდება“, - ამის შესახებ საოჯახო მარან „ილიასეულის“ მფლობელმა და მთავარმა ტექნოლოგმა ილია კენჭაძემ „კომერსანტთან ისაუბრა.
„რაჭული მწვანესგან“ ღვინის დაყენება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რადგანაც თვლის, რომ ყურძნის ეს უძველესი ჯიში მცირე წარმოებისთვის საკმაოდ მიმზიდველია.
„ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „გორული მწვანე“, რომელსაც ხაშურში „ქვიშხურს“ ეძახიან. თუმცა რაჭაში მოყვანილი „რაჭული მწვანე“ როგორც ვიზუალურად, ასევე გემოვნებით განხვავებულია. ჩვენი საოჯახო მარანი ღვინის კომერციალიზაციით 2014 წლიდან არის დაინტერესებული. მე და ჩემმა ძმამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი იშვიათ ჯიშებზე გაგვეკეთებინა, მათ შორის „რაჭულ მწვანეზე“. საერთოდ, ეს ჯიში თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ძალიან მგრძნობიარე და მიმზიდველია. ნაცრის დაავადებას თუ გადაარჩინე, ისეთი მსხმოიარობა გააჩნია, რომ ერთ ვაზზე შეიძლება 4-5 კილოგრამი მოიკრიფოს“, - აცხადებს კენჭაძე.
მისი თქმით, „რაჭული მწვანე“ საკმაოდ დეფიციტური ყურძნის ჯიშია და ამიტომ მისი ცალკე წარმოება, სხვა ყურძენთან შეზავების გარეშე, ვერ ხერხდება.
„ჩვენს ვენახში „რაჭული მწვანეს“ რამდენიმე ძირია და წელიწადში 400 კილოგრამი მოსავალი მოდის. დანარჩენს კი მოსახლეობისგან ვყიდულობთ. თუმცა იმდენად დეფიციტურია, მზად ვარ, მაქსიმალური თანხა გადავიხადო მის შესაძენად, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს ოქროს მონაპოვარია და არ ყიდიან. დეფიციტის გამო, მხოლოდ მისგან ღვინო ვერ დამზადდება. ამიტომაც ლეჩხუმურ „ცოლიკოურთან“ ვაზავებთ და იდეალურ ღვინოს ვიღებთ, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია. მაგრამ უფრო კარგი იქნება, თუ მისი რაოდენობა გაიზრდება, ცალკე ღვინოდ დაიწურება და მისი სხვა ყურძნით გაზავება საჭირო აღარ იქნება“, - აღნიშნავს ილია კენჭაძე.
ილიასეულის მფლობელი და მთავარი ტექნოლოგი „რაჭული მწვანეს“ ზვრების გაშენებას აუცილებელად მიიჩნევს, რადგან ბაზარზე იშვიათ და განსხვავებულ გემოზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია: „მომავალში აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, რომ „რაჭული მწვანეს“ ზვრები გაშენდეს. საერთოდ ყველა იშვიათი ჯიში მცირე მეწარმესთვის ოქროს მონაპოვარია. დასავლეთ საქართველოში და კონკრეტულად რაჭაში იმდენი იშვიათი ჯიშის ყურძენი მოდის, რომელზეც მსხვილი წარმოება აქცენტს ვერ გააკეთებს და ამით მცირე წარმოება უნდა დაინტერესდეს. ვისაც უნდა, რომ ბაზარზე გამორჩეული იყოს, მან მომხმარებელს განსახვებული პროდუქცია უნდა შესთავაზოს“.
რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებას, ილია კენჭაძის თქმით, დეფიციტის გამო, „რაჭული მწვანესგან“ დამზადებული ღვინო ექსპორტზე ვერ გადის, თუმცა ადგილზე ჩამოსული უცხოელები აღნიშნული ღვინის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ.
„საწყის ეტაპზე რაოდენობა იმდენი არ მაქვს, რომ აქცენტი ექსპორტზე გავაკეთო. ჯერჯერობით „რაჭული მწვანეს“ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას ვახდენ. ჩემს საოჯახო მარანს ხშირად სტუმრობენ უცხოელები და ისინიც ყიდულობენ. რაჭაში ჩამოსული ფრანგი, ესპანელი, იტალიელი რომ დაინტერესდეს, მან განსხვავებული ღვინო უნდა გასინჯოს. ამ შემთხვევაში „რაჭული მწვანე“ მათთვის საინტერესოა, რადგან ის ორგანული მახასიათებლებით - ფერით, სუნით, არომატითა და ქიმიური მაჩვენებლითგ ამოირჩევა“, - აღნიშნავს კენჭაძე.
რაც შეეხება „რაჭული მწვანესგან“ დამზადებული ღვინის ღირებულებას, „ილიასეულის“ მფლობელის თქმით, მისი ფასი 25-დან 45 ლარამდე მერყეობს: „ადგილზე 25 ლარად ვყიდი. ქუთაისში ღვინის გალერეა „საწნახელში“ მაქვს შეტანილი, სადაც მისი ღირებულება 45 ლარია. მიმდინარე წელს უკვე 1200 ბოთლი გავყიდე. 800 ბოთლი კი გადანახული მაქვს და მიზანმიმართულად არ ვყიდი, ვაძველებ. ჩემთვის ღვინის რეალიზაცია პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ევროპელი კაცისთვის ერთი ან ორი წლის ღვინო სიამოვნების მომტანი არ არის. ღვინოს ასაკი სჭირდება, როგორც ცოცხალ ორგანიზმს.“
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი
commersan.ge