ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უნიკალური ქვის საწნახელი ბაღდათში
11 სექტემბერი, 2017

ექსპედიცია ბაღდათი 2015

1 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ექსპედიცია დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფებმა მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (EN/15/2015 ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში). ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი, ბაკალავრები: ერეკლე ჩახვაშვილი, თამარ ფილაური და ,,თსუ-ეკო-კლუბის“ ხელმძღვანელი ნიკა წითელაშვილი.

ექსპედიციის დროს საველე კვლევა ჩატარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. აჭარა-იმერეთის ანუ მესხეთის ქედზე. აღსანიშნავია მესხეთის ქედზე მთა დიდღალის ჩრდილო ფერდობის ძირში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნები- ,,ქვასახტარა’’. აბასთუმანი-საირმის საავტომობილო გზასთან ახლოს, ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოქმნილა საინტერესო რელიეფის ფორმები. ოთხ სხვადასხვა ადგილას არის რელიეფის შთენილი ფორმები. ერთ-ერთ ადგილას წარმოდგენილ რელიეფის ფორმაზე აღმართულია რკინის ჯვარი. ხანგრძლივ გეოლოგიურ დროში ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოქმნილა შთენილი, გამოფიტვის შედეგად უცნაური ფორმა აქვს მიღებული, რომლის სიმაღლე 2,5-3 მეტრია, სიგრძე 4 მეტრი, ხოლო სიგანე 1,5-2 მეტრი. თანამედროვე დროში აქ ქარის მოქმედების შედეგად მიმდინარეობს ინტენსიური გამოფიტვა და უცნაური ფორმა აქვს მიღებული. ამ ბუნების საოცარი ფორმიდან, ჩრდილო-დასავლეთით 200 მეტრზე აღმართულია უცნაური ფორმის მქონე კლდოვანი შთენილი, მისი სიგრძე 6-8 მეტრია, სიმაღლე კი 5-7 მეტრია, სიგანე კი 2 მეტრს აღწევს. იქვე ახლოს არის კლდოვანი შთენილი, რომელიც დაღარულია წყლის ინტენსიური მოქმედებით, აგრეთვე, ქარის დამანგრეველი მოქმედებით ფიჭისებრი ზედაპირის მსგავსი ფორმაა მიღებული. ამ ფორმიდან კარგად ჩანს აჭარა-იმერეთის ქედის ყველაზე მაღალი მონაკვეთი, აქ აღმართულია ქედის უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო ზღვის დონიდან 2850 მეტრზე, აგრეთვე კარგად მოჩანს ლაბოროტის ქედი და ლამაზი მთა, აგრეთვე წაბლარისწყლის ხეობა და ზეკარის უღელტეხილი.

საინტერესო ტურისტული  პოტენციალის მქონეა მდინარე ხანისწყლის  მარცხენა შენაკადის ზეკარის ხეობა, სადაც დღეისათვის რამდენიმე ნასოფლარი და სეზონური დასახლებაა  წარმოდგენილი. აქ არის ისტორიული ძეგლების ნანგრევები, აგრეთვე მდინარეზე კარგად არის შემორჩენილი თაღოვანი ხიდი, რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს XIX საუკუნეში მოქმედ გზატკეცილზე მთავარ ხიდს წარმოადგენდა, გზასთან ახლოს არის ოცამდე მეტრის სიმაღლის მქონე ე.წ. ,,თავდავიწყების“ ჩანჩქერი. მდინარის ხეობაში ადგილი აქვს სტიქიური პროცესების აქტივობას. აქ რამდენიმე უბანზე დაფიქსირებულია მეწყრები, ღვარცოფები, ქვათაცვენები, ძლიერი კლდეზვავის შედეგად საავტომობილო გზაც ჩაკეტილა რამდენიმე დღით, ადგილი ქონდა მდინარის ხეობაში წყალმოვარდნასაც. ხეობაში მრავლად არის მინერალური წყლების გამოსავლები. დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე საავტომობილო გზა გაუვალი ხდება ტალახიანი მონაკვეთების და დიდი ორმოების გამო, გზა ჩაჭრილია და ზოგიერთი მაღალი გამავლობის ტრანსპორტისათვისაც მოძრაობა გართულებულია წლის მშრალ პერიოდშიც კი, წვიმიან ამინდებში კი ეს მონაკვეთი გაუვალი ხდება. არადა ხეობის ზემო მონაკვეთში შედარებით კარგად არის საავტომობილო გზა შენახული და ადვილად შესაძლებელია ტრანსპორტის გადაადგილებაც. ხეობაში არ იჭერს არცერთი მობილური ქსელი. ამ ხეობას დიდი პესპექტივა აქვს, აქ შესაძლებელია საყოველთაოდ ცნობილი კურორტ ზეკარის აღდგენა, ინფრასტრუქტურის გამართვა და ამ ხეობის გავლით სხვადასხვა ტურისტული მარშრუტის დაგეგმარება, როგორიცა: ჯიპტური, საცხენოსნო ტური და საფეხმავლო ტურები ზეკარის უღელტეხილის მიმართულებით და უკან.

მდინარე ხანისწყლის ხეობაში მებარეობს სოფელი ხანი. სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე მდინარის ხეობაში დაახლოებით 25 მეტრიანი ჩანჩქერი მდებარეობს, აქვე მახლობლად მდინარე ქვის თაღში გაედინება, მოსახლეობა ამ ადგილს ,,ქვახვრელებს“ უწოდებს. მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ჩანჩქერის სამხრეთით რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ერთ-ერთ ნასოფლარში ზღვის დონიდან 1100 მეტრზე წარმოდგენილია რამდენიმე ტონიანი ლოდები. ერთ-ერთ ლოდში გამოკვეთილია გამორჩეული ფორმის მქონე ქვის საწნახელი, რომელიც სამი განყოფილებისაგან შედგება და ქვის უბადლო ოსტატების მიერ არის დამუშავებული. ლოდის გარშემო შეინიშნება ქვის დამუშავების კვალიც. ლოდის სიმაღლე დაახლოებით 1,8-2,0 მეტრია, სიგრძე კი 3,5 მეტრი, ხოლო სიგანე 4 მეტრს აღწევს. ქვის საწნახელში არის ამოკვეთილი ნაპრალი, საიდანაც სავარაუდოდ გადმოედინებოდა დაწურული ღვინო, იქვე არის ქვევრის ნაწილიც შემორჩენილი. ეს უნიკალური წარმონაქმნი განიცდის ინტენსიურ გამოფიტვას, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს ბოლო წლებში კედლები ჩამოიშალა, გარემო პირობების ზემოქმედების გამო შესაძლებელია მომავალში მოხდეს ამ კულტურული მემკვიდრეობის ჯერ კიდევ აუღიარებელი უძრავი ძეგლის დაზიანება და განადგურება. უპირველად აუცილებელია მისი დაცვა, სპეციალისტების მიერ მოხდეს მისი შეფასება და დაიწყოს კონსერვაცია. აუცილებელია ამ ძეგლის პოპულარიზაცია, თუმცა ამ ძეგლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, რთულად გასავლელია და საჭიროებს გადაუდებელ აღდგენა-რემონტს. აუცილებელია საინფორმაციო დაფების დამონტაჟება და ტურისტული ბილოკების მოწყობა-მარკირება.

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი

თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი

 




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.