ევროპული ყაიდის ქართული ყველი ფოკის მონასტერში უკვე 7 წელია იწარმოება. როგორც ფოკის დედათა მონასტრის ვებგვერდზეა მითითებული ამ ყველის ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება.
მონასტერმა ევროპული ყაიდის ქართული ყველი 2010 წელს მრავალწლიანი შრომის, ექსპერიმენტის, ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი ტრადიციების, ლიტერატურის, ფრანგული ტექნოლოგიისა და წარმოების გაცნობის შედეგად მიიღო.
იქვე ნათქვამია, რომ მონასტერი ამზადებს და ყიდის 16 სახეობის ყველს, ყველის გარდა მონასტერში მზადდება მრავალგვარი საკონდიტრო ნაწარმი და სხვა პროდუქცია.
ყველი უნიკალურია იმით, რომ იგი ნადუღისგან მზადდება, ხოლო კეთილშობილ ობს ნაცრისგან იღებს. ყველის შექმნა და ჩამოყალიბება რთული და ხანგრძლივი პროცესია, სრული მომწიფებისთვის მინიმუმ 45-50 დღე ესაჭიროება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრად მყოფი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედათა მონასტერში ყველის წარმოებით დაინტერესდა. მინისტრმა გეოგრაფიული ადგილწარმოშობის ყველის წარმოების მნიშვნელობასა და ჯავახეთის ზეგანზე მაღალი ხარისხის ყველის წარმოების შესაძლებლობებზე აღნიშნა.
მონასტრის საიტზე მითითებულია, რომ ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი დაარსდა 1992 წელს ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ დაარსდა.
სოფელი ფოკა მდებარეობს ფარავნის ტბასთან, ალპურ ზონაში, 2100 მეტრ სიმაღლეზე.
„ჯავახეთში ისტორიულად მისდევდნენ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. შავმიწა ნიადაგი და ალპური ბალახი საუკეთესო პირობებს ქმნის შესაბამისი დარგების განვითარებისთვის. XVII საუკუნიდან რეგიონში გამოჩნდნენ კათოლიკე მისიონერები, რომელთაც ქადაგებასთან ერთად ევროპული ყველის ტრადიცია შემოიტანეს. აღმოჩნდა, რომ ჯავახეთში წარმოებული ყველი არაფრით ჩამოუვარდება საუკეთესო ფრანგულ ყველს. ამისთვის საჭირო გახდა ყველის წარმოებისას შესაბამისი სტანდარტების დაცვა.
გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილას შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში და გამოყვა ტბიდან გამომავალ მდინარე ფარავანს მცხეთისკენ. XI საუკუნეში ამ ადგილას ააგეს წმ. ნინოს სახელობის ბაზილიკა, რომელიც მონასტრის მიერ რესტავრირდა 2005 წელს.
www.travelingeorgia.ge