გადათხრილი გზები,მტვერი, ბუღი, ტრაქტორები, 30 ტონიანი მანქანები, ჩაბნელებული ქუჩები - ურეკში მდებარე სასტუმროების ნაწილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დაბაში ჩასულ სტუმარს ეს რეალობა დახვდება. კურორტზე არ არის გასართობი დაწესებულებები, კერძო სექტორი კი ამ მიმართულებით კვლავ არ ინტერესდება.მხარის გამგებელი განმარტავს, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საკურორტო სეზონის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის. კონსტანტინე შარაშენიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ კვების ობიექტები და გასართობი დაწესებულებები დაბაში საკმარისადაა.
საოჯახო სასტუმრო “ედემის“ მფლობელი ამირან კიღურაძე აცხადებს, რომ ურეკში სასტუმროების და რესტორნების ნაწილი მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე გახსნას არ აპირებს. მიზეზი-დაბაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, ხმაური, ბუღი და მტვერია.
„ბევრი ობიექტი არ იხსნება, არც სასტუმრო, არც მცირე კაფეები. პრობლემა კომპლექსურია - პანდემია, ათხრილ-დათხრილი დაბა და ვინ ჩამოვა ასეთ პირობებში აქ?“ - აცხადებს კიღურაძე. მისივე განცხადებით, 15 ნომრიანი სასტუმრო “ედემი“ თავისი კაფით გაიხსნება, თუმცა, არცთუ კარგი მოლოდინით.
„ახლა, როდესაც საკურორტო სეზონი იწყება, ურეკში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ამიტომ ადამიანები, რომლებიც ურეკში დასასვენებლად ჩამოდიან, უკან გარბიან, რადგან შეუძლებელია ისეთ პირობებში, სადაც ტრაქტორებია, 30 ტონიანი მანქანებია და მშენებლები მოძრაობენ, ნორმალურად დაისვენო. სამუშაოები 3 წელია მიმდინარეობს და ვერაფრით დასრულდა. ხან ერთი კომპანიაა მშენებელი და ხან - მეორე,“ - აცხადებს კიღურაძე.
მისი განცხადებით, სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მაგალითად, გაკეთდა, თუმცა არ მუშაობს გარე განათება, არ არის სანაგვე ურნების ადგილები და ისინი შუა ქუჩაში დგას.
კითხვაზე, რას ვახვედრებთ ურეკში ჩასულ დამსვენებელს, კიღურაძე აცხადებს, რომ არაფერს. დაბაში არის მხოლოდ 2 დიდი რესტორანი, გასართობი ობიექტები კი საერთოდ არ არის. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ინტერესდება კერძო სექტორი დაბაში ინვესტირებით, კიღურაძე აცხადებს, რომ კურორტზე სეზონი წელიწადში მხოლოდ ორთვენახევარია, შესაბამისად, ინვესტორს ურეკში ფულის ჩადება არ უღირს, რადგან მოგებას საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ნახავს.
„ეს არ არის აბასთუმანი, ბაკურიანი ან რომელიმე 4 სეზონიანი კურორტი,“ - აცხადებს კიღურაძე.
სასტუმრო “გრაციას“ მფლობელი მზია ხორნაული აცხადებს, რომ 22 ნომრიანი “გრაცია“ სეზონზე აუცილებლად და უკეთესი მოლოდინებით გაიხსნება. მისი განცხადებით, წელს ობიექტი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ ტურისტს ელოდება, რადგან საზღვრები გახსნილია.
„ამჟამად სასტუმროში ქართველები არიან, თუმცა, ინტერესია რუსეთიდან, გერმანიიდან. შიდა ტურიზმით ფონს ვერ გავალთ, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივები უფრო ბიუჯეტურ დასასვენებელ ადგილს ეძებენენ. დამსვენებლების ცოტა პროცენტია ევროპიდან,“-აცხადებს ხორნაული.
მისივე ინფორმაციით, წელს სასტუმრო შემცირებული ფასებით მიიღებს დამსვენებელს და შემოსავალი ალბათ პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერ მიუხლოვდება.
როგორც ხორნაული აცხადებს, ბულვარში წელსაც ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„კატასტროფული სიტუაცია არ არის.სამუშოები სავარაუდოდ, აქტიური სეზონისთვის დასრულდება. მტვერი გასულ წლის სეზონზეც არ ყოფილა. მართალია სამუშოები სეზონის წინ იწყება, თუმცა სეზონზე ჩერდებიან და დისკომფორტს არ იწვევენ,“ - აცხადებს ხორნაული.
მისივე განცხადებით, კურორტზე ნაკლებადაა განვითარებული კვების და გასართობი ობიექტები, რაც პრობლემას ქმნის.
„უნიკალური ადგილი გვაქვს, ფაქტობრივად, კურორტია სამკურნალო თვისებებით, ამ დროს გზები არ არის ნორმალური, თავისთავად არ არის გასართობი ადგილები, დამსვენებლები რომ ჩამოდიან, გარბიან ქობულეთში ან ბათუმში და საღამოს ბრუნდებიან,“ - აცხადებს ხორნაული.
რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კურორტი ზაფხულის სეზონს დასრულებული და განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვედროდა, ამის გარკვევა „ბიზნესპარტნიორმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სცადა.
მხარის გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე განმარტავს, რომ ურეკი შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულია, თუმცა არსებობს გარდამავალი პროექტებიც, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. საუბარია, ბულვარის და შიდა ქუჩების მოწესრიგებაზე.
„ჩვენ ზოგად ზედამხედველობას ვუწევთ. პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო, თუმცა გამარჯვებულ კომპანიას გარკვეული მიზეზების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და ახალი ტენდერი გამოაცხადეს. ახალი კომპანიის შერჩევას თავისი პროცედურები აქვს, ამიტომ პროცესის დასრულება გაჭიანურდა,“-აცხადებს შარაშენიძე.
“ბიზნესპარტნიორის“ კითხვაზე - შეუშლის თუ არა ხელს აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობა ზაფხულის ტურისტულ სეზონს, შარაშენიძე განმარტავს, რომ - არა.
„უკეთესი იყო დასრულებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამას თავისი გონივრული ვადა აქვს. რაც შეეხება იმას, რომ დაბაში თითქოს სასტუმროების და კვების ობიექტების ნაწილი არ იხსნება შექმნილი დისკომფორტის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. არავის ეშლება ხელი. ტურისტულ სეზონს პარარელურად მიმდინარე სამშენებლო სამუშოები ხელს არ შეუშლის, მთავარია, ამინდები იყოს და სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა,“-აცხადებს შარაშენიძე.
რაც შეეხება ურეკში გასართობი ობიექტების ნაკლებობას და იმას, თუ რატომ არ ინტერესდება კერძო სექტორი კურორტზე ინვესტირებით, ოზურგეთის მერი აღნიშნავს, რომ დაბას გასართობი ობიექტები საკმარისად აქვს.
„ციცინათელა აქ გვაქვს და დენდროლოგიური პარკი. ურეკში რესტორნებია, გასართობი ობიექტებია. უკეთესს ველოდებით, რეკონსტრუქციები მიმდინარეობს, შენობების განახლება ხდება. ტურისტი რომ ურეკში ჩამოვა, თავისუფლად შეუძლია დაისვენოს. ბათუმს თავისი სეგმენტი ჰყავს, ურეკს - თავისი. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება“-აცხადებს შარაშენიძე.
შეგახსენებთ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყო. პროექტი მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს გარე განათებას, ველო-ბილიკების მოწყობას, საპირფარეშოების მშენებლობას, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის. ასევე დაგეგმილია ბულვარის პარალელური ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება. ბულვარი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.
business-partner.ge