ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უშგულში, რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების 3 კოშკს გადაუდებელი რეაბილიტაცია უტარდება
24 ნოემბერი, 2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში, რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამ კოშკს გადაუდებელი რეაბილიტაცია უტარდება.

მათი რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სვანეთს სამუშაო ვიზიტით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვია. უშგულში მინისტრი ადგილზე გაეცნო UNESCO-ს ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას და მათი სავალალო მდგომარეობით შეწუხებულ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სამინისტრო, ზამთრის დადგომამდე, ქმედით ზომებს მიიღებდა კომპლექსური პრობლემის ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოსაფხვრელად.

„პირველი სამი კოშკი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობისა და იქიდან გამომდინარე შეირჩა, რომ დაზიანებული სახურავის მიზეზითა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მომავალ ზამთარს მათ აუნაზღაურებელი ზიანი მიადგებოდათ. სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება კოშკების გადახურვა, რაც მოიცავს ძველი ხის კოჭების ახლით ჩანაცვლებას, იზოლაციის მოწყობას, არსებული ფიქალის ქვის გადამუშავებას და სახურავის მოწყობას. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მცხოვრებლებით. სამუშაოების დამკვეთია სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაქრო რატიანის შეწყვილებული (ტყუპი) კოშკი (სვანურად მურყვამი) უშგულის თემის ჟიბიანის უბანში დგას და უნდა ეკუთვნოდეს განვითარებული შუა საუკუნეების ბოლო პერიოდსა და გვიან შუა საუკუნეებს. ის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია (მასზე მიდგმულია მაჩუბი). ეს არის ხუთსართულიანი ორი ერთმანეთზე მიდგმული კოშკი, რომელიც თავის დროზე აღდგენის შედეგად გაუერთიანებიათ და შედეგად ბოლო ორი სართული ერთიან სივრცეს ქმნის.

ბესო ჭელიძის კოშკი (სვანურად მურყვამი) დგას უშგულის თემის უბან ჩვიბიანში, თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით და ერთადერთი შემორჩენილი კოშკია ამ უბანში. ის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია (მასზე მიდგმულია მაჩუბი). კოშკი 5-სართულიანია, რომელშიც ასასვლელი ამჟამად საცხოვრებელი სახლიდანაა. სართულშორისი გადახურვა ქვითკირისაა. ქონგური გადახურულია ფიქალით.

ვიტალი/ვარდენ ღვაჩლიანის კოშკი - მურყმელი - დგას უშგულის თემის უბან მურყმელში და განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება. წარმოადგენს კომპლექსის შემადგენელ ნაწილს (მასზე მიშენებულია მაჩუბი). კოშკი ექვსსართულიანია. სართულშორისი გადახურვა ხის კოჭოვანია. პარაპეტი დახურულია ფიქალის ქვით.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 ნოემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 18 დეკემბერს დასრულდება.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.