ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია "უსული“ გაფართოებას გეგმავს. საუბარია, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში კაფეს და ახალი კოტეჯის დამატებაზე.
როგორც "უსულის“ თანადამფუძნებელი, ნანი კობახიძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანიამ საკუთარი კოტეჯი გახსნა, რომელიც 100 კვ. ფართობისაა, სამი სართულისაგან შედგება და ჯამში 6 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.
რაც შეეხება მოთხოვნას,"უსულის“ თანადამფუძნებლის ინფორმაციით, ჯავშნები კოტეჯის მშენებლობის დასრულებამდე უკვე არსებობდა.
"1 ღამის ღირებულება 250 ლარიდან იწყება და 350 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც სტუმრების რაოდენობაზეა დამოკიდებული.რაც შეეხება ინვესტიციას, საკუთარი რესურსებით, ჯამში 100 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ,“- აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია "უსული“ პანდემიის პირობებში დაფუძნდა. საუბარია, თავის მოვლის საშუალებებზე და სამკურნალო მალამოებზე, ასევე კომპანიამ ოპერირება ჩაის ნაირსახეობითაც დაიწყო, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
2023 წლის 20 აგვისტოდან კი, კომპანიამ კოტეჯი გახსნა, რომელიც მათ საგვარეულო ეზოშია აშენებული.
business-partner.ge