„აგროტურიზმი არის ტურიზმის მომავალი“ - ამის შესახებ „აგროპარტნიორს“ „რუმსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს აგროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
„ეს არის ის ტრენდი, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოჰყავს ტურისტი. დღესდღეობით, როდესაც მოგზაური არჩევს ლოკაციას, თუ სად უნდა წავიდეს და დაისვენოს, გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, რამდენად ხარისხიან საკვებს შეჭამს და როგორ გარემოში იქნება."- აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.
მისივე განმარტებით, საქართველოს შეუძლია აგროტურისტულ ობიექტებში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოიზიდოს.
„აგროტურიზმი თანდათან უფრო და უფრო მეტი მოგზაურისთვის ხდება მიმზიდველი. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარების უდიდესი პოტენციალია. მისი არ გამოყენება დაუშვებელია. ყველა შემთხვევაში, ევროპიდან ამერიკიდან აზიიდან იქნება მოთხოვა, რომ ჩამოვიდნენ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიირთვან და დაისვენონ.“-განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
ცნობისთვის, აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობის ფარგლებში, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს, გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან. ცვლილებას „საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
კანონპროექტით, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა 10 წლით არის გათვალისწინებული.
ცვლილება "ტურიზმის შესახებ" კანონპროექტიდან გამომდინარე შემუშავდა და მისი ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 1 ივლისი.
business-partner.ge