ეკონომიკის მინისტრს ახალი კონსულტანტი ჰყავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ის მთავარი კონსულტანტი და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრი, ვალერი ჩეხერია ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ვალერი ჩეხერია სამინისტროში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მიმართულებით იმუშავებს.
„პანდემიის მთავარი ფაზის გავლის შემდეგ, ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, სიამოვნებით დავთანხმდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეთავაზებას, რომ საქართველოში ახალი გამოწვევების გამკლავებასა და ტურიზმის ახალი სტრატეგიის შექმნაზე მემუშავა. იქნება ძალიან ბევრი სიახლე, თუმცა ამავდროულად ბევრი სამუშაოც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველო როგორც პანდემიამდე იყო მსოფლიო რუკაზე ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა სამოგზაუროდ, პანდემიის შემდეგაც ჩვენს ქვეყნაში მოგზაურობაზე ისევ ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში დავინახავთ ამის შედეგებს“,- აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.
სხვადასხვა დროს ვალერი ჩეხერია იყო „აჭარა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, სასტუმრო Rooms Hotels-ისა და „ჰოლიდეი ინ თბილისის“, ასევე „ფაბრიკა ჰოსტელის“ და კომპანია City Loft-ის გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში ვალერი ჩეხერია იყო კონსულტანტი კოლუმბიის უნივერსიტეტში, კონსულტანტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, UN Global Compact-ის თავმჯდომარე, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროში მინისტრის ადმინისტრაციის უფროსად.
მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლის საჯარო მაგისტრის ხარისხი.
commersant.ge