ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვალერი ჩეხერია: სატვირთო ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარებელი რჩება
18 მარტი, 2024

ტურისტული წელი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა, ყაზბეგის მიმართულებით ტურისტების გადაადგილება კვლავ შეფერხებულია - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან” “რუმს ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია საუბრობს.

ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ამ გზის საშუალებით ტვირთები ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებით გადაიზიდება.

“ძალიან კარგად დაიწყო წელიწადი, ბაკურიანისთვის - განსაკუთრებით. რასაც ვერ ვიტყვი ყაზბეგზე. იმიტომ რომ პრობლემა, რაც დაკავშირებულია ტრაილერების გადაადგილებასთან, მოუგვარებელი რჩება. ეს ძალიან ხელს უშლის ტურისტების გადაადგილებას გუდაურის და ყაზბეგის მიმართულებით” - ამბობს ვალერი ჩეხერია.

რაც შეეხება მომავალ ტურისტულ სეზონს, მისივე თქმით, სხვადასხვა ავიაკომპანიების შემოსვლამ გაზარდა დაინტერესება საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ.

“ძალიან აქტიურად დავიწყეთ წელიწადი და იმედია, რომ ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, როგორიცაა “ავსტრიის ავიახაზები” და ბიუჯეტური ფრენები ამსტერდამის მიმართულებით ძალიან დაეხმარება ამ პროცესს. უკვე გაჩნდა ინტერესი - ვხედავთ ავსტრიიდან ინტერესს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ კარგი წელიწადი გვექნება, იმაზე უკეთესი, ვიდრე შარშან იყო” - ამბობს ვალერი ჩეხერია “ბიზნესპარტნიორთან”.

“რუმს ჰოტელსი” “აჭარა ჯგუფში” შემავალი სასტუმროების კომპანიაა, რომელიც სასტუმროებს ფლობს თბილისში, ყაზბეგში, ბაკურიანსა და ბათუმში.

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.