ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ვაპირებ, ახალი ბიზნესის წამოწყებას" - ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი მეურნეობას ყიდის
14 აგვისტო, 2023

ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი საგარეჯოს რაიონში საკუთარ მეურნეობას ჰყიდის, რომელიც ჯამში 8 ჰექტარს მოიცავს და თბილისიდან 40 კმ-ში, გარეჯის გზაზე, მდინარე იორთან 7 კილომეტრში მდებარეობს.

როგორც ლატიბაშვილი აცხადებს, აღნიშნული 8 ჰექტარიდან 1 ჰექტარზე ვენახია გაშენებული, ისეთი იშვიათი ჯიშებით, როგორებიცაა - შავი რქაწითელი, სიმონასეული, ხიხვი და კახური მწვანე.

„დანარჩენ ტერიტორიაზე ითესებოდა ხორბალი. ასევე, 8 ჰექტარიდან 1100 კვადრატული მეტრი არასასოფლო დანიშნულებისაა და იქ დგას ნამჯის სახლი, ასევე მარანი 20 ტონის ქვევრებით“, - ამბობს ფერმერი. მისივე თქმით, მეურნეობის ტერიტორიაზე დგას: 20 ძირი ბალი,  ალუჩა, გარგარი, 44 ძირი ქართული ჯიშის ვაშლი.

რაც შეეხება კომუნიკაციებსა და ინფრასტრუქტურას, ნოდარ ლატიბაშვილის განმარტებით, უკვე შეყვანილი აქვს დენი,  მეურნეობას გააჩნია საკუთარი ჭაბურღილი, მეურნეობამდე მიყვანილია მოხრეშილი გზა და შუაში გადის ბეტონის ახალი სარწყავი არხიც, 300 მეტრიანი სამზოლიანი ქარსაცავი ზოლით.

„აღნიშნულ მეურნეობას პირადი მიზნებისთვის ვყიდი. მაქვს სხვა სექტორში გადასვლის გეგმები, ვაპირებ, ახალი ბიზნესის წამოწყებას და მჭირდება გარკვეული თანხა, სწორედ ამიტომ მივიღე ჩემის საკუთრების გაყიდვის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, ვერ დავასახელებ რა ბიზნესში ვაპირებ გადასვლას, რადგან ჯერ მაინც იდეის ჩამოყალიბების პროცესში ვარ“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნოდარ ლატიბაშვილმა.

ცნობისთვის, ნოდარ ლატიბაშვილმა საგარეჯოს რაიონში მეურნეობის გაშენება 8 წლის წინ დაიწყო და ჯამურად, ამ ხნის განმავლობაში, 150 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ადგილზე ის ღვინოს, არაყს და ხორბალს აწარმოებდა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.