კომპანია „გუდაური ჰელისკის“ დამფუძნებლი ვატო ასათაშვილი აცხადებს, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთოდ უნდა გააუქმოს.
„ადმინისტრაციის გაუქმებით, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი სამუშაო ადგილს დაკარგავს, მაგრამ შეუძლებელია რეფორმის განხორციელება, რაღაცებზე უარის თქმის გარეშე. შედეგად კი, უნდა შეიქმნას პატარა გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება გამოცდილი კადრებით და იქნება აღმასრულებელი ორგანიზაცია, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს, აკონტროლებს და გასცემს დავალებებს ტურისტული მიმართულებით; თუკი ეს ასე არ მოხდება, სექტორის განვითარება მომდევნო წლებში გამორიცხულია“, – აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.
რაც შეეხება გრძელვადიან ხედვას, ასათაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ყველა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტში ტურიზმის კომპონენტიც უნდა ჩაიდოს, რათა ამ დარგიდან შემოსავლები და ეფექტიანობა გაიზარდოს.
„თუ თავიდანვე გეგმარების პროცესში ტურიზმის მენეჯმენტი ჩართულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის იმპლემენტაციის პერიოდში უკვე ოპტიმალურად არის დალაგებული განვითარების გეგმა ისე, რომ ტურიზმიდანაც ნახოს სარგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამ”, – განაცხადა კომპანია „გუდაური ჰელისკის“ დამფუძნებლმა “საქმიან დილაში”.
მან ასევე განაცხადა, რომ მზარდ ტურისტულ ნაკადებს საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აუდის.
“გამტარუნარიანობა არის ძალიან დაბალი, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საკურორტო ზონების კუთხით კი, 2013 წლის შემდეგ თითქმის არაფერი გაკეთებულა. ხოლო ამ პრობლემებმა, მომდევნო წლებში, შესაძლოა ტურისტების უკმაყოფილება ან მათი სიმცირე გამოიწვიოს”, – აღნიშნავს ის.