ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი – რა წერია ახალ სამთავრობო პროგრამაში
05 თებერვალი, 2024

პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, რომელსაც რამდენიმე დღეში საკანონმდებლო ორგანოში ახალ პრემიერ-მინისტრთა ერთად დაამტკიცებენ.

როგორც სამთავრობო პროგრამაში  „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ არის აღნიშნული, დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.

„ამ მიზნის მისაღწევად, შეფასდება დედაქალაქის მთავარი აეროპორტის განვითარების სწორი გეგმა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტექნიკურ კვლევებსა და შეფასებებზე დაყრდნობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისა თუ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი“, – აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.

იმავდროულად, 2024 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და ასევე დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტები ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი რეგიონში არსებული საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით.

„რეგიონებს შორის მობილობის ზრდის ხელშეწყობისათვის, ადგილობრივი მოსახლეობის, ისევე როგორც შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის სწრაფ და ხელმისაწვდომ ფასად გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას. კერძოდ, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა.

ამასთან, აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით. არსებული პროგნოზების გათვალისწინებით 2024 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურება 6.8 მილიონამდე მგზავრს (14%-იანი ზრდა 2023 წლის მგზავრთნაკადთან შედარებით), რაც განპირობებულია საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებითა და ავიაკომპანიებთან პროაქტიული თანამშრომლობით არსებული ოპერირების გაზრდის, საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისა და ახალი მიმართულებებით ოპერირების დაწყებით“, – აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.