წელს, კომპანია ,,ვაზისუბნის მამული“ გერმანიაში საწყობის გახსნას აპირებს, საიდანაც კომპანიის პროდუქტის მიწოდება ევროპის ყველა ქალაქში იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მშვიდობაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საწყობი ჰანოვერში განთავსდება და პროდუქცია ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიყიდება.
,,ბევრი მომხმარებელი გვწერს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან და გვეკითხება, თუ სად შეიძლება ჩვენი ღვინის შეძენა, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მომხმარებელი ინტერნეტით შეუკვეთავს სასურველ პროდუქციას, რომელსაც ჩვენი დისტრიბუტორი 24 საათის განმავლობაში ევროპის ნებისმიერ ქალაქში მიაწვდის“, – განაცხადა გიორგი მშვიდობაძემ.
კომპანია საექსპორტო გეოგრაფიასაც გააფართოებს და ღვინოს ევროპაში ორ ახალ ბაზარზე – პოლონეთსა და გერმანიაში გაყიდის.
როგორც გიორგი მშვიდობაძე აცხადებს, კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია.
კომპანია „ვაზისუბნის მამულის“ გაყიდვების 40% ამ ეტაპზე ექსპორტზე მოდის; დანარჩენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. სამომავლოდ კომპანია ექსპორტის წილის გაზრდას გეგმავს. ,,ვაზისუბნის მამულის“ ღვინო ამ ეტაპზე ოთხ ქვეყანაში: უკრაინაში, ჩინეთში, კანადაში და დიდ ბრიტანეთში იყიდება.
„ვაზისუბნის მამული“ ორ ბრენდს აწარმოებს: „ვაზისუბნის მამულის“ ქვევრის ღვინოები და ,,ქართული მზე/Georgian Sun“ – ბრენდი, რომელიც ქართული ღვინის ახალი გემოვნური გამების შექმნის იდეით საზრდოობს. მისი შემქნელების მიზანია, მსოფლიოს გააცნონ ქართული მზის ქვეშ დაბადებული კეთილშობილი სითხის ახალი უნიკალური პოტენციალი“, – განაცხადა გიორგი მშვიდობაძემ.