მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების საფრთხეებსა და ექსპორტის დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ქობალიამ გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი ისევ ნომერ პირველ საექსპორტო ქვეყნად რჩება საქართველოსთვის, რაც ძალიან სახიფათოა.
“ბოლო წლების განმავლობაში 2-3-4%–იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტაა საქართველოსთვის, რადგან ეს აისახება ექსპორტის მონაცემებზე და თუნდაც, ჩვენი მაღაზიის თაროებზე – ერთი კვირაა, ჩამოსული ვარ თბილისში და მხოლოდ რუსულ პროდუქციას ვხედავ”, – განაცხადა ქობალიამ და დასძინა, რომ “რა თქმა უნდა, მარტივია ბიზნესის ძველებურად კეთება რუსეთთან, მაგრამ როგორც ჩვენი ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, დივერსიფიკაცია არ დავივიწყოთ”.
“კიდევ ერთს დავამატებ, ჩვენ გუშინ გავიგეთ ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსისგან, რომ რუსეთის ბაზარზე რეკლამის განთავსება შეწყდა, რათა მოიზიდონ ტურისტები რუსეთიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული ბიუჯეტიდან ევროპისა და აზიის ქვეყნებისკენ მიემართება. ვთვლი, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ბიუჯეტის ფულის განთავსება რეკლამის სახით რუსეთის ბაზარზე”, – განაცხადა ვერა ქობალიამ.
რუსეთში რეკლამის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად BM.GE ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ადმინისტრაციას არაერთხელ განუმარტავს, რომ რუსულენოვანი ბაზრები და მეზობელი ქვეყნები მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება და სტრატეგიულ მიმართულებებს შორის მოწინავე ადგილზეა, რაც განპირობებულია დამატებითი პირდაპირი ავიარეისების არსებობით.
“აქედან გამომდინარე, მთავარი აქცენტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსულენოვანი ბაზრები ნაკლებად მნიშვნელოვანია და დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, კამპანია არ განხორციელდება”, – განუმარტეს BM.GE–ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება მარკეტინგული აქტივობებისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტს, უწყების ცნობით, ის 15 მილიონ 970 000 ლარს შეადგენს.
“თუ როგორ დაკორექტირდება ქვეყნების მიხედვით აღნიშნული ბიუჯეტი, ამაზე ადმინისტრაცია მედიას დამატებით აცნობებს”, – აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.