ვერის ბაღში სასტუმროს მშენებლობა წელს დასრულდება - ვინ იყიდა ბერიას აგარაკის მფლობელისგან საპროექტო ტერიტორია
თბილისში, კოსტავას 43 ნომერში, 6 სართულიანი სასტუმრო შენდება.
ამ ეტაპზე შპს „სანი“ მშენებლობის გაგრძელების ნებართვის მოლოდინშია, რომელიც გასული წლის დეკემბერში არქიტექტურის სამსახურისგან მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კალენდარული გეგმა დამატებით 5 თვეს მოიცავს, შესაბამისად სასტუმრო დასრულება წელს იგეგმება.
საპროექტო ტერიტორიის ფართი 1642.0 მ2-ია, მოშენების ფართი 973.8 მ2, სამშენებლო მოცულობა - 36100.0 მ3, საერთო ფართი - 6993.0 მ2.
„პროექტის მიზანია სასტუმროს შენობის დაგეგმარება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თანამედროვე გეგმარების პრინციპების და შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების გამოყენებით.
ნაკვეთის ფართობია 1642 კვ.მეტრი, ტერიტორია გარშემორტყმულია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებით, სადაც სამხრეთით მდებარე სახელმწიფო მიწის ნაკვეთი აღებულია საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის-შ.პ.ს „სანი“-ს მიერ დიდხნიანი იჯარით.
პროექტი წარმოადგენს მიწის დონის ზემოთ 6 და მიწის დონის ქვემოთ 1 სართულიან სასტუმროს შენობას. მიწისქვეშა სართულზე მოეწყობა ინვენტარის და თეთრეულის საწყობები, საკონფერენციო ოთახები, დაცვის ოთახი და სახანძრო ტუმბოების და წყლის რეზერვუარის ოთახი. მიწისპირა სართულზე გათვალისწინებულია სასტუმროს ფოიეს განთავსება, +6.97 ნიშნულიდან +20.57 ნიშნულის ჩათვლით სასტუმრო ნომრები, ხოლო +24.31 ნიშნულზე არაექსპლოტირებადი გამწვანებული სახურავი. შენობიდან გამოსვლა ხდება ±0.00 ნიშნულზე, რის შემდგომ გასვლა შესაძლებელია ორ საზოგადოებრივ სივრცეში, კერძოდ: კოსტავას ქუჩაზე და ვერის ბაღში (საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - შ.პ.ს „სანი“-ს მიერ დიდხნიანი იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის გავლით)“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდიდან ირკვევა, ტერიტორიის მესაკუთრე შპს „სანია“. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „დეველოპმენტ ჯორჯიაა“ (მესაკუთრე ნინო ზაქაიძე), თუმცა 2022 წლის მაისამდე ტერიტორია შპს „პარკ ქეფითალ მენეჯმენტს“ ეკუთვნოდა, რომელიც ბერიას ცნობილი აგარაკის ერთ-ერთი მფლობელიცაა.
commersant.ge