ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას
16 ივლისი, 2019

„ქვეყნის გამოწვევების წინაშე თვითონ ხელისუფლებაში არაა გარკვეული სიმყარე და მდგრადობა. როდესაც ცენტრი სუსტია, პერიფერიებზე სხვადასხვა მარგინალური ძალები თავს წამოყოფს ხოლმე.

“აზერბაიჯანს არანაირი ინტერესი არ გააჩნია საქართველოსთან ურთიერთობა დაძაბოს, რადგან კავკასიაში თუ რამე კარგად მუშაობს, ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებია,” – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დავით გარეჯში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას.

საქართველოში ისედაც დაძაბული ვითარების ფონზე, დრო და დრო მდგომარეობა დავით გარეჯშიც რთულდება, რაც აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესების კიდევ ერთი სიგნალია. 14 ივლისს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან ხატები გაიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტი გამოიწვია. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით კი, სინამდვილეში აზერბაიჯანულმა მხარემ კელიებიდან ხატები მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიტანეს. კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანელთა თვითმიზანი არ ყოფილა ხატების კელიებიდან გამოტანა იმ მიზნით, რომ ამ ხატებს იქ არაფერი ესაქმება.

„მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში და ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს,” – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ვითარების დაძაბვა აზერბაიჯანულ მხარესთან ხელოვნურად ხდება. მისი თქმით, სწორედ ქართველები ცდილობენ მეზობელ სახელმწიფოსთან მდგომარეობის გაურესებას, ეს ძალები კი რუსეთიდან იმართება.

„სამწუხარო ფაქტებია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თვითონ ხელისუფლებაში არ არის გარკვეული სიმყარე და მდგრადობა ქვეყნის გამოწვევების წინაშე. როდესაც ცენტრი სუსტია, პერიფერიებზე სხვადასხვა მარგინალური ძალები თავს წამოყოფენ-ხოლმე და ეს ბუნებრივი მოვლენაა.

“თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანს არანაირი ინტერესი არ გააჩნია ურთიერთობა დაძაბოს, რადგან კავკასიაში თუ რამე კარგად მუშაობს, ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებია. კავკასიის ტერიტორიაზე არის უამრავი კონფლიქტი: საქართველო-რუსეთი, აზერბაიჯანი-სომხეთი, ცალკე ყარაბაღის პრობლემა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა. ჩამონათვალი შეიძლება იყოს უამრავი.

„ორი მყარი ურთიერთობა არსებობს, ეს არის საქართველო-აზერბაჯანი და საქართველო-სომხეთი. ახლა ვიღაცა ძალიან დაინტერესებულია საქართველო-აზერბაიჯანის ღერძის მუშაობაზე. ეს რუსეთის ინტერესებშია, მაგრამ ვინ აკეთებს ამას? – ქართველები. საზოგადოებაში არსებული ჯგუფები მონასტრის გამო, რომლებიც ხელისუფლებას მუშაობას არ აცლიან, მზად არიან ნებისმიერი სტრატეგიული დონის მდგრადი ურთიერთიერთობები ამოაყირაონ.

„ძალიან მაშფოთებს და მგონია, რომ ასეთი ვნებათაღელვა მხოლოდ მონატრის გამო არ არის. მონასტერი ათასობით წელია არსებობს და კიდევ ამდენი წელი იარსებებს. ეს მონასტერი ასეთი მოვლილი არასდროს ყოფილა, რაც ბოლო 300-400 წლის განმავლობაშია. დღეს ამ მონასტრის გამო ასეთი ვნებათაღელვა აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას აინტერესებს სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, რაც ჩემთვის შემაშფოთებელია,” – აღნიშნა მან.

ვინ ახდენს ვითარების პროვოცირებას? ამ საკითხის შესახებ საუბრისას ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ის ადამიანები, ვინც იქ მიდის და ხმაურობს.”

„იმ ხალხს, ვინც იქ მიდის და ხმაურობს. იმ ძალების უკან კი შესაძლოა, რუსეთის ინტერესები არსებობდეს. ერთადერთი, ვისაც ეს არეულობა აწყობს, რუსეთია. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭება კი არ აწყობს, ზოგადად არეულობები. სადაც გაუვა, იქ აწყობს არეულობას.

„რუსეთს აინტერესებს ნებისმიერი ფორმის არეულობა. ამიტომ მგონია, რომ ძალიან კარგად ეთამაშება რუსულ თემებს ის ხალხი, ვინც დღეს მონასტრის „გადარჩენას” ცდილობს. მონატრებს არავითარი პრობლემა არ აქვს. ზოგადად პრობლემები არსებობს, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფონზე მოგვარებადია, ყოველგვარი დამატებითი დაძაბვის გარეშე. შეიძლება ითქვას, სწორ ადგილზე ვბორძიკებთ,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზა რამდენიმე დღით დაკეტეს, რასაც საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებმა მაისიდან განაახლეს წლების განმავლობაში შეჩერებული მუშაობა.

წყარო: „რეზონანსი”


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.