ვინ შევა სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ მართვაში, ფინანსური აუდიტის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი
„სასტუმროზე „ბორჯომი-ლიკანი“ ამჟამად ფინანსური აუდიტის დასკვნა მზადდება, რომლის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყდება, სასტუმროს მართვაში საქართველოში რომელი ოპერატორი შემოვა,“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა. როგორც შალვა ალავერდაშვილი ამბობს, ტენდერში აუდიტორულმა კომპანია BDO-მ გაიმარჯვა, ხოლო აუდიტის პასუხი 2 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.
„კომერსანტის“ კითხვაზე — კიდევ რამდენ ხანს იქნება ბაზარზე სასტუმრო„ბორჯომი-ლიკანის“ სახელწოდებით წარმოდგენილი? — შალვა ალავერდაშვილი გვპასუხობს – „ვერაფერს გეტყვით. ამით კომპანიის ინტერესებს ვითვალისწინებ.“ ჩვენთან საუბრისას ფედერაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ უარყო ბორჯომში საერთაშორისო ბრენდის Marriott-ის შემოსვლა. შეგახსენებთ, გასულ წელს RIXOS-ის ბრენდი ბორჯომიდან გავიდა, ხოლო„საპარტნიორო ფონდი“ სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100% აქციების მფლობელი გახდა. კომერციული შეთანხმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი „საპარტნიორო ფონდსა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „ყაზმუნაი გაზ-სერვისს” შორის სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“ გაფორმდა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, „საპარტნიორო ფონდს“ საკუთრებაში ყაზახური კომპანია „ყაზმუნაი გაზ-სერვისის“ მიერ დაფუძნებული შპს „კმგ-სერვის საქართველოს“ 100%-იანი წილი გადმოეცა.შპს „კმგ-სერვის საქართველო“ და „საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციების 50-50%-ს ფლობდნენ. „საპარტნიორო ფონდსა“ და „ყაზმუნაი გაზ-სერვისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფონდის საკუთრებაში, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გარდა, ქობულეთში, 70073 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადმოდის. ლიკა გურაბანიძე
commersant.ge