ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, როგორი მოდელით ჯობია აეროპორტების აშენება და მართვა – კერძო თუ სახელმწიფო.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოში ორივენაირი მოდელი არსებობს, ერთ შემთხვევაში (თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები) აეროპორტები იმართება კერძო კომპანიის მიერ, მეორე შემთხვევაში (ქუთაისი) კი – სახელმწიფოს მიერ.
“უკეთესი და უარესი მექანიზმი არ არის. თუ გინდათ, რომ დიდი აეროპორტი ააშენოთ, რომლის სახსრების მობილიზება შეიძლება უჭირდეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ამ შემთხვევაში, ცხადია, BOT (Build Operate Transfer) კონტრაქტის ფარგლებში არის სწორი მექანიზმი, რაც შეეხება მცირე ზომის აეროპორტებს, რასაც გაწვდება ჩვენი სახსრები, ამ შემთხვევაში, ცხადია, თვითონ ააშენო, თვითონ მართო სჯობს”, – აცხადებს აკაკი საღირაშვილი.