ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
VINO&VINO თბილისში მეორე მაღაზიის გახსნას გეგმავს
18 მარტი, 2024

საერთაშორისო კომპანიაა VINO&VINO თბილისში, რიგით მეორე მაღაზიის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნიკა სუხიშვილი  "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  გაფართოების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია.

კომპანია მსოფლიოში 30-მდე კონცეპტუალურ ღვინის ბუტიკსა და მაღაზიას აერთიანებს. მათ შორის თბილისშიც. რჩეული ღვინოების მაღაზიაში ერთი კუთხე ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს აქვს დათმობილი.

VINO&VINO-ს რიგით მეორე მაღაზია შემოდგომაზე, ვერაზე ან ვაკეში განთავსდება. რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებას, სუხიშვილი ამაზე  ჯერჯერობით არ საუბრობს. 

როგორც ნიკა სუხიშვილი აღნიშნავს, VINO&VINO თბილისში 600 სახეობამდე ღვინოს ჰყიდის და 30-მდე ქართველ მეღვინესთან თანამშრომლობს. რაც შეეხება ტენდენციას, ყველაზე მეტი მოთხოვნა იტალიურ, ფრანგულ და ახალზელანდიურ ბრენდებზეა, რომლის წილიც მთლიან გაყიდვებში 20-30%-ის ფარგლებში მერყეობს. ქართული ღვინოების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 10%-ია.

„ჩვენი მაღაზია მხოლოდ რჩეული სასმელების კოლექციას ერთიანებს.  რეალიზაციაშია ყველა ტიპის ალკოჰოლური სასმელი, თუმცა წამყვანი სეგმენტი ღვინოს უჭირავს, მისი წილი სასმელების ასორტიმენტში 75%-ია. საქართველოში ძირითადად  მცირე მარნებთან ვთანამშრომლობთ, რაც დარგს განვითარებასა და პოპულარიზაციაში ძალიან ეხმარება.

გვინდა დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც გადავინაცვლოთ. თბილისის შემდეგ, აქცენტი ბათუმზე გაკეთდება, თუმცა კონკრეტულად როდის განხორციელდება პროექტი, ვერ გეტყვით, შესაძლებელია, წლის ბოლომდეც მოხერხდეს. გაფართოების გეგმაზე მუშაობა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მიოვიღეთ. რეალიზაცია 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი. ზრდის ტრენდს წელსაც შევინარჩუნებთ, თუმცა რა სავარაუდო მაჩვენებლით, პროგნოზი გამიჭირდება“, - აცხადებს ნიკა სუხიშვილი.

მისი ინფორმაციით, VINO&VINO -ს დახლებზე ღვინოებს დეგუსტაციის საფუძველზე არჩევენ. მთავარი კრიტერიუმი, რითაც კომპანია გადაწყვეტილებას იღებს,  ხარისხი და გამორჩეული ნიშაა, რაც კონკრეტულ ბრენდს ახასიათებს.რეალიზაცია ხდება როგორც ფიზიკურ მაღაზიაში, ასევე ონლაინ მიწოდების სერვისის საშუალებითაც.

რაც შეეხება ფასს, ალკოჰოლური სასმელების ფასს, 19- ლარიდან იწყება და 6000 ლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, VINO&VINO საერთაშორისო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ლიეტუვაში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 250-ზე მეტი ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორია. თბილისში მისი ოფისი ყაზბეგის 31 ნომერშია განთავსებული. კომპანია ამ ეტაპზე სტაბილურად 12 ადამიანს ასაქმებს.

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.