ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვირის ფერმა და 400 000 ლარიანი ტურისტული ობიექტი - რატომ ვერ განხორციელდა პროექტი
30 ნოემბერი, 2020

ვირის რძის მწარმოებელი ფერმა „სახე-დარი“ სოფელ გამარჯვებაში 4 წელია რაც ფუნქციონირებს. ფერმაში 80-მდე ვირია და როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, დღეისთვის დღიური წარმადობა 5 ლიტრს აღწევს. ეს კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფერმერს, თემურ ლომიძეს საწარმოო საქმიანობა წამოეწყო და ვირის რძით წარმოებული კოსმეტიკური საშუალებები და ვირის რძის ფხვნილი ექსპორტზე აშშ-ში გაეტანა.

თუმცა გარდა წარმოებისა თემურ ლომიძემ კვიპროსში ვირების ფერმების მონახულების შემდეგ, რომელიც ფერმის გარდა ტურისტული ლოკაციაც იყო, საქართელოში მსგავსი ტურისტული ადგილის მოწყობაც დაისახა მიზნად.

„სპეციალურად წავედი კვიპროსზე, რომ მენახა ვირების ფერმა, სადაც დამხვდა 200-მდე ვირი და კეთილმოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე შესვლა 4 ევრო ღირდა. იქიდან წამოვიდა იდეა, რომ მეც ასეთი ტურისტული ლოკაცია ამემოქმედებინა”, - ამბობს თემურ ლომიძე.

როგორც BM.GE-ისთან ფერმერი ყვება, ამისთვის 400 000 ლარის ღირებულების პროექტიც დაამუშავეს და თბილისთან ახლოს შესაფერისი ადგილიც მოიძიეს.

„მუხრანში ვნახეთ შესაფერისი მიწები, სადაც ფერმას გადავიტანდი და ტურისტულ ობიექტსაც მოვაწყობდი. რესტორანი და სტუმრების მისაღები 3 კოტეჯი, ფერმა და გამართული ინფრასტრუქტურა - ასეთი იყო პროექტი, რომელიც დავამუშავეთ. ამასთან ჩვენმა შვეიცარიელმა კოლეგამ გაგვიზიარა გამოცდილება იმის შესახებ, რომ იქ ვირების ფერმაში თერაპიულად იყენებდნენ დაავადებული ბავშვებისთვის, ვისაც ხერხემლის ან სხვა პრობლემები აქვთ და ამ იდეის განვითარებაც მინდოდა აქ, ჯამში პირადი სასხრებით ბიზნესის ამოქმედებისა და გაფართოებისთვის 400 000 ლარი უნდა ჩამედო“, - აცხადებს ფერმერი.

„სახე-დარის“ ხელმძღვანელი იხსენებს, რომ ორი საკადასტრო კოდის ქვეშ არსებული მიწის მიღების პროცესები ისე არ წარიმართა, როგორც მას ეგონა.

"მუხრანში მიწის შეთვალიერების შემდეგ მივედი ქონების ეროვნულ სააგენტოში იოსებ ოქრომელიძესთან და მან ამ საკადასტრო კოდით ეს მიწები მომიძებნა. ამის შემდეგ დამიკავშირდა პრემიერის საპარლამენტო მდივანი და მითხრა, რომ მიწებს გარკვეული ვალდებულებით 25 წლით გადმომცემდნენ - პროექტი მოიცავდა ინფრასტრუქტურას, ობიექტებს, ქარსაცავ ზოლებს, თუმცა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში მითხრეს, რომ ეს მთავრობის დადგენილებით უნდა გაკეთებულიყო. გარკვეული დროის შემდეგ კი მიპასუხეს, რომ ამ პრეცენდენტებს ვერ დაუშვებდნენ, რადგან სხვებსაც გაუჩნდებოდათ სურვილი და ჩვეულებრივი საიჯარო თანხის გადახდა შემომთავაზა, რაც 30 000 ლარს შეადგენდა. ამაზეც დავთანხმდი. ამიტომ დამიწიეს საინვესტიციო პირობა 135 000 ლარზე, დავამუშავეთ ახალი პროექტი და ესეც გაჩერდა“, - იხსენებს თემურ ლომიძე.

ამის შემდეგ ფერმერმა მიწების მონახულება გადაწყვიტა და მუხრანში კვლავ ჩავიდა, სადაც აღნიშნული მიწები დამუშავებული დახვდა.

„დავრეკე სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოში და ვუთხარი, რომ მიწები აუქციონზე გამოეტანათ. აუქციონი ამ ორ საკადასტრო კოდზე გასული თვის 20 რიცხვში დასრულდა. ვაჭრობის შედეგად იჯარის თანხა 43 000 ლარზე ავიდა, რისი გადახდაც მე არ შემეძლო.

მოვიძიე ინფორმაცია ამ მიწებზე და აღმოჩნდა, რომ 2018 და 2019 წლებში ეს მიწები გამოუტანიათ აუქციონზე, თუმცა მიწები არ გაიჯარდა. ახლა 45 დღის ვადაში უნდა დადონ მოგებულთან ხელშეკრულება. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც 10 000 ლარს გარანტიას იხდის და საბოლოოდ მიწას არ იღებს იჯარით, თუმცა სარგებლობს ამ ნაკვეთით. იმ შემთხვევაში თუ ამჯერადაც არ დაიდება ხელშეკრულება ნაკვეთს აუქციონზე კიდევ გამოვატანინებ. აქ უბრალო გლეხი ვერ შევა, რადგან მოთხვნა და დათესვა მიწის საკმაოდ ძვირი ჯდება“, - განმარტავს თემურ ლომიძე.

ფერმერი ამბობს, რომ მასთან დღეისთვის 6 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ტურისტული ობიექტის ამოქმედების შემთხვევაში სამუშაო ადგილების რაოდენობა 30-მდე გაიზრდებოდა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.