“გავრილოვის ღამისა” და რუსული ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ხელშეწყობისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დააანონსა. საუბარია პროგრამაზე “მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის”. რამდენიმე დღის წინ კი საკანონმდებლო მაცნეში თანადაფინანსების მექანიზმი გამოაქვეყნდა.
აქ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები – ვის და რამდენით დაუფინანსებს საქართველოს მთავრობა სესხს.
პროექტის განმახორციელებელია სახელმწიფო სააგენტო “აწარმოე საქართველოში”.
ვის აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა?
თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის ეროვნულ ვალუტაში დამტკიცებული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 000 (სამასი ათასი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში:
100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;
80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს – ევროში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;
ბ) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში;
გ) მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/ გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია.
როგორ ხდება დაფინანსება?
1. კომერციული ბანკი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.
2. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:
ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;
გ) სესხების გაცემის თარიღები;
დ) სესხების მიზნობრიობა;
ე) სასტუმროს აღწერა, საკადასტრო კოდი;
ვ) სასტუმროს ნომრების რაოდენობა;
ზ) სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობა (რომელიც იანგარიშება 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში);
თ) ბენეფიციარების მიერ სესხების ძირი თანხის გადახდილი ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი სესხების ძირი თანხის სრულ ოდენობასთან მიმართებით;
ი) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე, თითოეული მეწარმე სუბიექტის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა.
3. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე.
4. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ბენეფიციარებისათვის სესხის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად.
5. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.
6. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ყველა ბენეფიციარისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.
ვინ ვერ ისარგებლებს პროგრამით?
– პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულების ბენეფიციარი.
– პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის მიმდინარე სესხზე გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხის 70% ან მეტი.
– პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2019 წლის 30 ივნისამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.