ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ვიზიტორების 30% უცხოელი ტურისტები არიან" - ამპელო რეზორტი
23 თებერვალი, 2024

კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე სასტუმრო ‘’ამპელო რეზორტი“ ფართოვდება. როგორც კომპანიის საოპერაციო მენეჯერი თამარ პაიჭაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სასტუმრო 2024 წლის ზაფხულის სეზონს განახლებული სივრცეებით შეხვდება.

საუბარია, „ამპელო რეზორტის“ კომპლექსში არსებულ რესტორნის გაფართოებაზე,საკონფერენციო-საგამოფენო დარბაზის დამატებასა და  გასართობი სივრცის მოწყობაზე.  განსახორციელებელ ინვესტიციას ამ დროისთვის სასტუმროს მენეჯმენტი არ აკონკრეტებს.

როგორც თამარ პაიჭაძე აცხადებს, სივრცის გაფართოების  აუცილებლობა „ამპელო რეზორტის“ მიმართ მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.  მისი განცხადებით, ინტერესია როგორც ადგილობრივი მოქალაქეების, ასევე უცხოელი ვიზიტორების მხრიდან, რომლებიც  სტუმრების  30%-ს შეადგენენ.

„პანდემიური პერიოდის შემდეგ, 2023 წელი ძალების მობილიზებას და განვითარებას დაეთმო. ამ თვალსაზრისით,  გასული წელი ტურისტულ სექტორისთვის გამოწვევებით სავსე იყო. შეიძლება ითქვას, თავდაუზოგავად იმუშავა ,,ამპელომ“, რათა  წელი მცირედით, მაგრამ მაინც დადებითი შედეგით დაგვესრულებინა. ვფიქრობთ, 2024 წელი დატვირთულობის მხრივ უკეთესი იქნება, ზაფხულის სეზონისთვის მუშაობა დავიწყეთ, რაზეც  მთელი გუნდი მობილიზებულია.  მიმდინარე წელს  სასტუმროს ნომრების დამატებაც იგეგმება“- აცხადებს თამარ პაიჭაძე.

რაც შეეხება სამზარეულოს, სასტუმრო მომხმარებლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მენიუს სთავაზობს, თუმც ძირითადი აქცენტები ტრადიციული, განსაკუთრებით კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი გემოებზე გაკეთდა.

თამარ პაიჭაძე ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანას და, მით უმეტეს, კახეთის რეგიონს, დიდი პოტენციალი აქვს, რომ ტურიზმი მაღალ დონეზე განვითარდეს და რეგიონში უპირობო ლიდერი გახდეს.

ცნობისთვის, ,,ამპელო რეზორტი“ პანდემიურ პერიოდში შექმნილი სასტუმროა. ოფიციალურად იგი 2020 წლიდან ოპერირებს.  ამჟამად სასტუმროში დასაქმებულია 40 ადამიანზე მეტი, თუმცა აქტიურ სეზონზე თანამშრომელთა რიცხვი გაცილებით მეტია.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.