ყოფილი კალათბურთელის ვლადიმერ ბოისას მეღვინეობა ჭაჭის წარმოებას იწყებს.
როგორც მან „ბიზნესპანრტინორთან“ საუბრისას განაცხადა, ბაზარზე მეღვინეობა „ბოისა“ ჯამში ხუთი სახეობის ალკოჰოლური სასმელით იქნება წარმოდგენილი - რქაწითელით, საფერავით, ორი სხვადასხვა დასახელების ბრენდითა და ჭაჭით.
„ღვინის შემთხვევაში, ვზრდით რაოდნობას. მარანი კახეთში, სოფელ შალაურში გვაქვს. ამიტომ, კლასიკურად ვაწარმოებთ რქაწითელს, საფერავს, ბრენდს და ვამატებთ ჭაჭასაც. წელს დაახლოებით 15 ათას ბოთლ ბრენდს გამოვუშვებთ, ღვინო - 3 ათასი ბოთლი რქაწითელი და ამდენივე საფერავი იქნება. ღვინოს თავად ვაყენებ და მეტი წარმოების საშუალება არ მაქვს“ - აცხადებს ბოისა.
მისივე თქმით, გასაღების ძირითადი ბაზარი სლოვენიაა, რომელიც ევროკავშირის ბაზარია და გაყიდვების დიდი წილიც სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, სლოვანიაში უკვე ცნობილი გავხდი ამ ბიზნესში და მარტო კალათბურთელი აღარ ვარ. მეღვინეც ვარ და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს საქმე მიყვარს. საქართველოში ჩამოვდივარ ხოლმე და მთელ სექტემბერს აქ, რთველში ვატარებ. ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ და შემოსავალსაც.
ღვინოს საქართველოშიც ვყიდით, თუმცა, უმეტესწილად სლოვენიაში გაგვაქვს. კარგი ისაა, რომ სლოვენია ევროკავშირის ბაზარია და პატარა კიმპანიები იტალიიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან ან ხორვატიიდან ჩამოდიან სლოვენიაში, ყიდულობენ და მიაქვთ. არის კიდევ სამი-ოთხი ქვეყანა, სადაც ვყიდით და მაგრამ ძირითადი ბაზარი მაინც სლოვენიაა“ - აცხადებს ბოისა „ბიზნესპარტნიორთან“.
business-partner.ge