„ვმუშაობთ სანომრე ფონდის გაზრდაზე, გუდაურში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მესამე ბლოკის მშენებლობა“ - როგორ ემზადება „ინნ ჰოსფითალითი“ ზამთრის სეზონისთვის
საქართველოში მთის კურორტებზე, 2023-2024 წლების ზამთრის სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
რა გამოწვევის წინაშეა ზამთრის კურორტები, როგორ მოლოდინი აქვთ და რამდენად აისახა რეგიონში არსებული ვითარება ტურიზმის სფეროზე, ამის გასარკვევად „კომერსანტი“ სექტორის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
„ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორის ნინა გაჩეჩილაძის თქმით, Gudauri Inn და Bakuriani Inn ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან.
„გუდაური ინნი ბაზარზე მერვე წელია ოპერირებს. ბოლო პერიოდში განვაახლეთ სასტუმროს ინვენტარი. ასევე, ვმუშაობთ სანომრე ფონდის გაზრდაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მესამე ბლოკის მშენებლობა, სადაც გათვალისწინებული იქნება სპა, აუზი, გასართობი სივრცეები და პრემიუმ კატეგორიის ნომრები.
რაც შეეხება ბაკურიანი ინნს, ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ დავამატოთ გასართობი სივრცეები ჩვენი სტუმრებისთვის. ეზოს სივრცეში ვანახლებთ ინვენტარს, რომ სპორტული აქტივობების მოყვარულებს კარგი გარემო დავახვედროთ. ასევე, გადავდივართ სეზონურ მენიუზე, ვმუშაობთ ბარის მენიუს განახლებაზე, რათა უფრო მორგებული იყოს მომხმარებლებზე, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის პერიოდში.“- განაცხადა ნინა გაჩეჩილაძემ.
„ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი დადებითად აფასებს კურორტებზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის გუდაურში საბაგირო კომპლექსების დამატებას და აცხადებს, რომ მსგავსი სიახლეები მათ ობიექტებზე და რეგიონის სხვა სასტუმროებზეც დადებითად აისახება.
„გუდაურში ჩვენი ძირითადი სეგმენტი ახალგაზრდები არიან. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, სასტუმროში უკვე გვაქვს სათხილამურო დეპო, სადაც მსურველებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის კომფორტული თხილამური და იქირაონ. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა, შეინახონ თავიანთი აღჭურვილობა, შეაკეთონ საჭიროების შემთხვევაში და მიიღონ ის სერვისი, რაც მათ სურთ.
ასევე, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ველოდებით. 2023-24 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე ბაკურიანი მსოფლიო თასის შეჯიბრებებს მასპინძლობს სკი ქროსის დისციპლინაში. მთელი ძალებით ვემზადებით ამ ჩემპიონატებისთვის, რომ კარგი სერვისი დავახვედროთ სტუმრებს. რადგან ბაკურიანი ინნი უფრო მეტად საოჯახო სეგმენტზეა გათვლილი, ვმუშაობთ, რომ სეზონზე შიდა სივრცეებში მეტი გასართობი დავახვედროთ ბავშვებსაც.“- აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.
„ინნ ჰოსფითალითის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ წინასწარი ჯავშნების მიღება უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები. სასტუმროში სტუმრებს ელოდებიან როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და გალფის ყურის ქვეყნებიდან, შედარებით მცირე ნაწილია აზიის ქვეყნებიდან.
ნინა გაჩეჩილაძის თქმით, სასტუმროებში იკლო ისრაელიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობამ და ცდილობენ, რომ დანაკლისი სხვა ბაზრებით დააბალანსონ. რაც შეეხება ფრენების აღდგენას რუსეთთან, „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ამ საკითხს მათ შემთხვევაში არც ერთ ობიექტზე დიდი ცვლილებები არ გამოუწვევია.
„ინნ ჰოსფითალითიში“ იმედი აქვთ, რომ მზარდი დინამიკის შენარჩუნებას შეძლებენ და ზამთრის სეზონიც გასულ წელთან შედარებით უკეთესი იქნება.
commersant.ge