ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ წაროს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს პრემიერ მამუკა ბახტაძის ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.
ნასოფლარი ალაზნის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირას მდებარეობს. გაშენებულია ციცაბო მთის კალთაზე. ნაგებობები დაზიანებულია. მათი უმეტესობა ნანგრევებადაა შემორჩენილი, ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგებით, სახეზეა. მათ შორისაა ორი კოშკი.
სოფელში შენობები - სახლები, ჯგუფადაა განლაგებული.
ერთი ხუთსართულიანი კოშკი მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ განაპირას, ფერდობზე განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაშენია ფიქლის მშრალი წყობით. დაზიანებულია.
მეორე კოშკი დგას ნასოფლარის ჩრდილოეთ ნაწილში, ფერდობზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. დაზიანებულია.
1912 წელს, წოვათაში, ნასოფლარ წაროს სამაროვნის აკლდამებს იკვლევდა ნ. მოლჩანოვი. შესწავლილ იქნა ხუთი მიწისზედა აკლდამა. აკლდამები გაძარცვული ყოფილა. მათში აღმოჩენილი ნივთების (ბრინჯაოს ორნამენტირებული სარკეები, საყურეები, ორნამენტირებული სამაჯურები, ბეჭდები, აბზინდები, ვერცხლის საყურეები, რკინის სამაჯურები, მინის და სარდიონის მძივები და სხვ. _ მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში) მიხედვით ფიქრობენ, რომ VIII-IX საუკუნეებში წარო დასახლებული ყოფილა.
www.travelingeorgia.ge