ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს აბრეშუმის გზის ფორუმი 22-23 ოქტომბერს ჩატარდება
02 ივლისი, 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, 2019 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში ტარდება რიგით მესამე საერთაშორისო ფორუმი – თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. ფორუმის ორგანიზებისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1 800 000 ლარის შესყიდვას უტენდეროდ ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ფორუმზე მოწვეულია 100-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის მეთაური, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. წინასწარი მონაცემებით ფორუმს დაესწრება დაახლოე 2000-მდე სტუმარი.

“გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიების ჩატარების საკითხი დღის წესრიგში დგას, ხოლო მისი შემადგენელი კომპონენტები და დეტალების დღემდე ბოლომდე განსაზღვრული არ არის, შეუძლებელია შესყიდვების წინასწარი განსაზღვრა, ხოლო თითოეული საკითხის – იქნება ეს შესასყიდი საქონელი, სამუშაო თუ მომსახურება განსაზღვრის შემდეგ, სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული ვადების გათვალისწინებით შეუძლებელი იქნება ღონისძიების დროული ორგანიზება.

ამასთან, დღის წესრიგში ასევე ხშირად დადგება საკითხი, მთელი რიგი საკითხების ცვლილებისა, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს რეაგირებას, რაც ასევე ტენდერით განხორციელების შემთხვევაში გამოიწვევს ღონისძიების ჩატარების შეფერხებას ან ჩაშლას”,- წერია დოკუმენტაციაში და პირდაპირ შესყიდვის მოთხოვნას სწორედ ამ არგუმენტით ასაბუთებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორუმს საფუძველი 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას ჩაეყარა და მასში მონაწილეობა 34 ქვეყნის ოფიციალურმა პირმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.