ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს დაცულ ტერიტორიებზე 7 მლნ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება - სამინისტრო
17 დეკემბერი, 2020

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2020 წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება. ინფორმაცია დღეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააჯღერა. მან 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ის ძირითადი მიმართულებები მოხვდა, რომელზეც უწყება მუშაობს.

დავითაშვილის თქმით, 2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს, პროექტების განხორციელების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

„აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დასრულების ეტაპზეა 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში. კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.

ახალი კორონავირუსის Covid 19-ის პანდემიის მიუხედავად, შეუჩერებლად მიმდინარეობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული მოცულობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელთა ღირებულება 89 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის, წალკის (ყოფილი დაშბაშის) კანიონზე, რომელიც საქართველოში პირველი კერძო საერთაშორისო ინვესტიციაა.

აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, პანდემიის დასრულების შემდეგ, ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), რომელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით განხორციელდა და მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.