ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„თუ 2021 წელს ტურიზმი არ აღდგება, ეკონომიკის ზრდა 3.5%-ზე მეტი არ იქნება” - Galt & Taggart
11 დეკემბერი, 2020

2021 წლისთვის მთავრობა და ეროვნული ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი ზრდა უფრო მცირე, 4.3% იქნება.

მთავრობის ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ეკონომიკური ზრდის შეცვლილი პროგნოზი გამოაქვეყნა Galt & Taggart-მა. კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ 5.1%-იანი ეკონომიკური ვარდნა შეზღუდვების მეორე ტალღის დაწესების გამო 5.5%-მდე გაზარდეს.

„შეზღუდვების მეორე ტალღის დაანონსებამდე ვვარაუდობდით, რომ წელს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდებოდა, რაც გავაუარესეთ 5.5%-მდე იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვები ეკონომიკურ აქტივობაზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს.

გასულ 10 თვეში ეკონომიკის 5.1%-იანი შემცირება გვაქვს.  საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში რეალური მშპ წლიურად 3.9%-ით შემცირდა სექტემბერში დაფიქსირებული 0.7%-იანი კლების შემდეგ. ასევე ოქტომბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ სექტორში ეკონომიკის კლებას ჰქონდა ადგილი. მშენებლობაში კლება დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში, დაახლოებით, 108%-ით იყო  ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები გაზრდილი. 10 თვე რომ შევაჯამოთ, ეს ხარჯები, დაახლოებით, 15%-ით არის გაზრდილი და წლიურ გეგმასთან მიმართებით, 70% აქვს ბიუჯეტს შესრულებული“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, 2021 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი 50%-ით აღდგება და 2019 წლის მონაცემების ნახევარს გაუტოლდება, სხვა შემთხვევაში ზრდა 3.5%-ზე მეტი ვერ იქნება.

„2021 წელს 5%-იან ზრდას ველით, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი აღდგება დაახლოებით 50%-ით რაც 2019 წელს იყო. თუ ის არ აღდგა მაშინაც ეკონომიკის ზრდას ვვარაუდობთ, თუმცა ეს უფრო დაბალი, დაახლოებით 3,5%-ის ფარგლებში იქნება. ტურიზმის აღდგენის მოლოდინის საფუძველს ის გვაძლევს, რომ საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ მხრივ უპირატესობა აქვს ანუ ის ქვეყნები რომლებიც მეზობელი ქვეყნების ვიზიტორების სიჭარბით გამოირჩევიან, იქ უფრო სწრაფად აღდგება ტურიზმი ვიდრე გლობალურად, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. რადგან ჩვენი ვიზიორების წილის 70% მეზობელი ქვეყნებიდან არის, ამიტომ ვუშვებთ რომ ტურიზმის საერთო როდენობის 50% შესაძლოა 2021 წელს აღდგეს“, - განმარტავს ბოჭორიშვილი.

განსხვავებული პროგნოზი აქვს ISET-ის კვლევით ინსტიტუტს, 2021 წლის პირველ კვარტალში ის ელის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 1.4%-ით შემცირდება, მომდევნო წლის ბოლო კვარტალში კი მშპ-ს 3.3%-ით შემცირებას პროგნოზირებს. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2020 წლის ბოლოსთვის ის ელის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 4.4%-ით შემცირდება.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ახალი შეზღუდვების გამო მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ყველა ორგანიზაციამ შეცვალოს და მოვლენები უფრო პესიმისტური სცენარით განვითარდეს.

„როგორც ჩვენი ასევე სხვა ორგანიზაციების პროგნოზები ძალიან დიდი სირთულის და გამოცდის წინაშეა ახლა, რადგან იმდენად სწრაფად იცვლება ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, მათ შორის პანდემიასთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია  ჩვენს მსგავს მოდელში ასეთი რამ გავითვალისწინოთ და შეიძლება აცდენებიც მოხდეს. რამდენიმე დღის წინ დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებულ პროგნოზზე შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ჩვენი პროგნოზი ამ შემთხვევაში შესაძლოა ოპტიმისტური გამოდგეს იმასთან შედარებით ვიდრე რეალობა იქნება. დარჩენილ თვეებში ეს შეზღუდვები ეკონომიკას დამატებით ტვირთად დააწვება, რაც არსებულ საპროგნოზო მაჩვენებელში გათვალისწინებული საერთოდ არ იყო. ეს ყველაფერი კი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ეკონომიკა შესაძლოა იმაზე მეტად შემცირდეს, ვიდრე ISET-ის, ეროვნული ბანკის თუ სავალუტო ფონდის პროგნოზებშია წარმოდგენილი, რეალურად მაჩვენებელი უფრო პესიმისტური სცენარისკენ წავა“, - განაცხადა დავით კეშელავამ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.