ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის
26 ივლისი, 2018

2018 წლის რთველი ჩაივლის სუბსიდირების გარეშე და სახელმწიფო, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახით, რთველის პროცესში ჩაერთვება ორგანიზების, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის დონეზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან რთველი-2018-ის საორგანიზაციო საკითხები და ღვინის სექტორის მმართველობის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა. 

მინისტრის შეფასებით, გასული წლის მიდგომამ, როდესაც სახელმწიფო აღარ ჩაერია ჩასაბარებელი ყურძნის ფასების დადგენაში, შედეგი გამოიღო და ბაზარმა თავად დაადგინა ფასები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახა დარგის განვითარების მდგრადობაზე.

ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის რეფორმისა და მართვის ახალი სისტემის წარდგენისას განაცხადა, რომ რეფორმის მიზანია დარგის განვითარება იყოს უფრო მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული კომუნიკაცია თითოეულ დარგთან, მათ შორის, მეღვინეობის დარგთან. მეღვინეობის ინდუსტრია საინტერესო გახდა ინვესტორებისთვის, რაც გასულ წლებში განხორციელებული რეფორმების სისწორეზე მიუთითებს. თუმცა, დარგის განვითარება საჭიროებს ახალ მუხტს და ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი ბევრ მნიშვნელოვან ბაზარზე, მაგრამ ჩვენ გვინდა ახალი დინამიზმის შემოტანა და შესაბამისად რეფორმების გატარება დარგის მარეგულირებელ სტრუქტურაში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის სექტორის რეფორმის მხარდაჭერას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. გასულ წელს FAO-ს ექსპერტების მიერ შემუშავდა ღვინის სექტორის მართვის მოდელი, რომელიც ეფუძნება საჯარო-კერძო პარტნიორობას, სადაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესების თანაბრად წარმოდგენას. რეფორმის მიზანი ღვინის ინდუსტრიის განვითარება და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.