2020 წელს საუკეთესოდ შეფასებულ ხუთ ღვინოს შორის გამორჩეული ადგილი ქართულმა ღვინომ დაიკავა
The Morning Claret-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ბესთსელერის „ქარვისფერი რევოლუცია“ (Amber Revolution) ავტორმა საიმონ ვულფმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო შემფასებლად ითვლება, 2020 წლის შემაჯამებელ სტატიაში მკითხველს ხუთი ღვინო გააცნო, საიდანაც ერთი ქართული ღვინო - 2016 წელს წარმოებული საფერავია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საიმონ ვულფი განმარტავს, რომ ოჯახური ტიპის მეღვინეობის „ბიომარანი“-ის საფერავი „ნამდვილი ვარსკვლავი“ და სრულიად განსაკუთრებულია. რაც შეეხება თავად სახელს - „ბიომარანი“, ავტორი წერს, რომ ეს შთაგონებას იწვევს, რადგანაც ტექნიკური აღწერის თანახმად, მათ მიერ წარმოებული ღვინო „ორგანულზე გადასვლის" ეტაპს გადის, რაც, მისივე შეფასებით, ძალიან კარგი დასაწყისია.
„„ბიომარანმა“ ჭეშმარიტად გამაოგნებელი ღვინო მიიღო, რომელიც მაგონებს უდიდეს ლუარის კაბერნე ფრანკს (Loire Cab Franc)“ - წერს ვულფი. მისივე შეფასებით ამ ღვინოში სწორადაა შენარჩუნებული საფერავის წითელი კენკროვანი გემო, ისევე როგორც მისი მწკლარტე, მაგრამ დახვეწილი ტანინი და აქვე დასძენს, რომ „ლაღად იგრძნობა შეთამაშებული მიწის სურნელი, რასაც ისევ Cab Franc-მდე მივყავარ. ეს კი აღფრთოვანებას გვმატებს! ეს საფერავი ნადვილი vin de soif-ია, ტიპიურობითა და ენერგიით დატვირთული. და როგორც ყველა კარგი ქვევრის ღვინის შემთხვევაში, აქ ვერ ნახავთ ვერც ჭარბ ჟანგბადიანობასა და ვერც მუხის კასრის ზედმეტ გემოებს, რაც ამ ღვინოს განსაკუთრებით სახალისოს ხდის“. ამასთან, ღვინის გამორჩეული შემფასებელი „ბიომარანს“ მადლობას უხდის, რომ ეს 2016 წლის ღვინო ახლა გამოუშვა და არა მის ადრეულ ეტაპზე, რადგან მისივე აზრით, ეს ღვინო ბევრად კარგია, როდესაც ის რამდენიმე წლიანი დაძველებითაა.
საიმონ ვულფი ბევრს საუბრობს „ბიომარანის“ ღვინოზე და სტატიას იმ იმედით ასრულებს, რომ "თუ ქისი და ხიხვიც ასეთივე კარგია, მხოლოდ ამისთვის ღირს მოუთმენლად დაველოდოთ 2021 წელს“.
გარდა ქართული ღვინისა, საიმონ ვულფის წლის შეფასება ესპანურმა, ფრანგულმა, სლოვაკურმა და იტალიურმა ღვინოებმა დაიმსახურეს.
commersant.ge