ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს შესაძლებელი იქნება 2019 წელთან შედარებით ტურიზმი 25%-ით მაინც აღდგეს - კაკაურიძე
21 მაისი, 2021

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე არ გამორიცხავს, რომ წელს ტურიზმი გასული წლის მაჩვენებლის 25%-ის ნიშნულით აღდგეს.  როგორც კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ოპტიმიზმის საფუძველს  ვაქცინაციის პროცესი და ეპიდემიის შესუსტების პროგნოზი იძლევა.

„ტურიზმი მაღალი მოცულობის სფეროა, ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-მდე იყო. გასულ წელს თითქმის განულდა ეს სექტორი, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პანდემიამ, დაახლოებით 90%-ზე მეტით შემცირდა. წელს პირველ კვარტალში დიდი ზრდა არ არის, ჯამში პირველ კვარტალში 134 ათასი ვიზიტორი იყო და ტურიზმიდან შემოსულმა თანხამ 53 მლნ დოლარი შეადგინა, ეს კი დაახლოებით 13%-ია იმ მაჩვენებლების, რაც გასული წლის პირველ კვარტალში გვქონდა.

თუმცა აპრილში ზრდის ტენდენცია შეინიშნება, გაზრდილია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ისე შემოსული თანხები და ვფიქრობთ, ეს კარგი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ვაქცინაციის პროცესთან და ეპიდემიის შესუსტებასთან ერთად ვფიქრობთ, რომ ის გეგმა, რასაც გვინდა მივაღწიოთ, რომ მინიმუმ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 25%-ით მაინც აღდგეს ტურიზმი, შესაძლებელი იქნება მიმდინარე წელს, უფრო მეტად წლის მეორე ნახევარში“, - განაცხადა კაკაურიძემ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.