„წელს ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ის დონეზე აღდგება“ , - თიბისი კაპიტალი
„2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 25%-იანი აღდგენაა ნავარაუდები“, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის აღდგენას შეეხება. თიბისი კაპიტალი, რეგულარული ფრენების ეტაპობრივი განახლების გათვალისწინებით, საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების - 25%-იან, 2022 წელს კი 90%-იან აღდგენას ვარაუდობს.
„საბაზო სცენარის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ რეგულარული ფრენები უკვე განახლებულია, 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 25%-იანი აღდგენაა ნავარაუდები, ხოლო 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 90%-ს მიაღწევს. რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, პანდემიამდელი პერიოდის ძლიერი, 20%-იანი ზრდა, საქართველოს ტურიზმის სტრუქტურაში შორეული და ბიზნეს მოგზაურობების მცირე წილი, შედარებით ახალგაზრდა ტურისტებისა და განმეორებითი ვიზიტების მაღალი წილი, ამასთან, ტურისტული ღია სივრცეების სიმრავლე ტურიზმის ინდუსტრიის თანდათანობითი აღდგენის არგუმენტებია. მნიშვნელოვანია გადადებული მოთხოვნის ფაქტორიც, რომლის ეფექტიც სხვა ქვეყნებში გასული წლის ზაფხულშივე შესამჩნევი იყო, როდესაც საზღვრების გახსნასთან ერთად ტურიზმის ინდუსტრია მალევე აღდგა. თუმცა, დაგვიანებული ვაქცინაციის ფონზე, ვირუსის შემობრუნებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რისკების გამო, საზღვრების ეტაპობრივი გახსნა, სავარაუდოდ, უფრო რაციონალური გადაწყვეტილებაა“, - ნათქვამია კვლევაში.
commersant.ge