ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წეროვანში კეხისჯვრის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
20 თებერვალი, 2018

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფ.წეროვანში მდებარე VIII-IX საუკუნეების კეხისჯვრის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დარბაზულია (9.04×8.11 მ). ნაგებია ქვიშაქვით, შირიმითა და ტუფით. განირჩევა მშენებლობის სულ მცირე ორი პერიოდი.

შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ქონდა. დასავლეთის აღარ შემორჩა, ჩრდილოეთის კარი კი დიდი, კარგად გათლილი არქიტრავის ქვითაა დასრულებული. აღმოსავლეთით ნალისებრი ჩაწერილი აბსიდია, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან.

აბსიდის კონქი მარტივ იმპოსტებს ეყრდნობა. აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ოთხკუთხა ნიშაა. ტაძარს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მინაშენები აქვს. ჩრდილოეთის მინაშენი გვიანაა მიდგმული. ის ტაძარზე დაბალი და მოკლეა. უაბსიდოა. აღმოსავლეთით თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მინაშენის კამარა სამხრეთის მხარეს კედელზე მიშენებულ სვეტზე გადასულ ორ თაღს ეყრდნობოდა.

მინაშენში შესასვლელი მხოლოდ ტაძრის ჩრდილოეთი კარიდანაა. რაც შეეხება სამხრეთის მინაშენეს, ის მხოლოდ საძირკვლის დონეზე შემორჩა ისიც ფრაგმენტულად. სამხრეთის მინაშენი მთელ სიგრძეზე გასდევდა ტაძარს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.