საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კვებითი მომსახურების სექტორში ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დადგინდა, ‘’ბიზნესპარტნიორთან“ რესტორან ‘’ნამდვილის“ დამფუძნებელი და "რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აფასებს. მისი ინფორმაციით, ფასის მითითების აღნიშნული ნორმა აქამდეც მოქმედებდა, თუმცა ბევრი არღვევდა კანონს, ამიერიდან კი ვალდებულების შესრულება ყველას თანაბრად მოუწევს.
როგორც ბურჯანაძე აცხადებს, რეგულაციის შესრულება არანაირ დამატებით ხარჯს არ უკავშირდება და შესაბამისად, ის ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს.
‘’როგორც წესი, შუქნიშანზე წითელი ფერის ანთებისას არ უნდა გადახვიდე, მაგრამ ვიღაც გადადის, აქაც დაახლოებით ეს მომენტია. რა გადაწყვეტილებაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მომსახურების ფასთან დაკავშირებით მიიღო, აქამდეც ნორმად მიიჩნეოდა, მაგრამ ბევრი ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. ლოგიკურია, რომ ფასი უნდა იყოს მითითებული და რაიმე ,,სიურპრიზს“ არ უნდა ჰქონდეს ადგილი კვების ობიექტის მხრიდან ანუ ფასი არ უნდა იყოს დამალული. როგორც აღვნიშნე, ყველა არ იცავდა ამ წესს და ახლა მოუწევთ, ხარვეზი გამოასწორონ. ეს არანაირ ზედმეტ ხარჯს არ უკავშირდება და არც ტარიფებზე მოახდენს გავლენას. მომხმარებლის კუთხით იყო გარკვეული პრეტენზიები და სახელმწიფომ ეს დაადგინა წესად, სულ ეს არის. მეტი სიცხადისთვის, ზოგიერთ რესტორანს აქვს ფასი, რომელიც მისდის მომხმარებელს, რასაც ემატება ასევე ფასი, რომელშიც განსაზღვრულია მომსახურების 15% ან კიდევ დღგ-ი, რაც შესაძლებელია, სტუმრისთვის არ ყოფილიყო ცნობილი. ეს ხარვეზი გამოსწორდა“, - განმარტავს შოთა ბურჯანაძე.
‘’ნამდვილის’’ დამფუძნებელმა ‘’ბიზნესპარტნიორთან“ სექტორში არსებული ვითარებაც შეაფასა და განაცხადა, რომ მზარდი მოთხოვნაა, რისი ტრენდიც წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
,,დიდი ხანია, რაც სარესტორნო ბიზნესში მდგომარეობა გამოსწორებულია და დადებითი დინამიკა გვაქვს. 2022 წელს თუ შევადარებთ, 2023 წელი უკეთესია და წელსაც პოზიტიური მოლოდინია. დაინტერესება ქვეყნის მიმართ დიდია და ვიმედოვნებ, აქაც აისახება. რაც მთავარია, მაღალმხარჯველი ტურისტების წილი არის გაზრდილი, რაც სექტორს საქმიანობაში ბოლო პერიოდის დადებითი ტენდენციაა“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა.
bp.ge