წინანდლის კლასიკური მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის პირველი სეზონი ავსტრიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით “აღდგომა” დაიწყო. სიმფონია 1888-94 წლებში შეიქმნა და იგი სიკვდილის იდეით არის შთაგონებული. ორკესტრს უძღვება თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო დირიჟორი ჯანანდრე ნოზედა, რომელიც, ამავდროულად, წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური დირექტორია. სიმფონიის სოპრანოს პარტიას ასრულებს ინგ ფანგი, ხოლო მეცო-სოპრანოს ნაწილს – ქეთევან ქემოკლიძე.
ფესტივალის ღონისძიებათა სერია 8-დან 22 სექტემბრის ჩათვლით წინანდლის ისტორიულ მამულში დაიდებს ბინას. 15 დღის განმავლობაში, 40-მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი 1200 კაციან ამფითეატრსა და კამერული მუსიკის 600 კაციან დარბაზებში ჩატარდება. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემპსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ. ასევე, წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, ჩამოყალიბდება პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგზარდა ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭება. საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში გაიმართება. წინანდლის ფესტივალი, საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.
marketer.ge