წინანდლის მამულის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა ახალი სასტუმრო „პარკ-ოტელი“ (PARK HOTEL). 70 ნომრიანი სასტუმრო შედარებით დაბალ ბიუჯეტიანია, ვიდრე ამავე ტერიტორიაზე გახსნილი მაღალი კლასის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდალი“.
სასტუმროს დიზაინზე თამარ ვალიშვილმა იმუშავა, ბრენდინგი დავით კუპატაძეს ეკუთვნის. პროექტის მართვაში მონაწილეობდნენ: ლიკა დოლიძე, ეკა რეხვიაშვილი, გიორგი მარი. სასტუმროს ყველა სივრცეში ქართველი მხატვრების ქეთი დავლიანიძისა და გოგა ქაცარავას ნამუშევრებია წარმოდგენილი.ფესტივალის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ახალ სასტუმროში დასვენება და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა.
ახალი სასტუმროს „პარკოტელის“ აშენებაში “სილქროუდ ჯგუფმა” დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
“პარკოტელი“ საგანგებოდ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის აშენდა. პირველი სტუმრები არიან სწორედ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრები, რომლებიც ამ ფესტივალისთვის შეირჩნენ 6 ქვეყნიდან საერთაშორისო ჟიურის მიერ.
პირველი სართული ეთმობა სარეპეტიციო ოთახებს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი მუსიკალური ინსტრუმენტებით. ფაქტობრივად, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც იმთავითვე იყო წინანდლის ფესტივალის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. საგანმანათლებლო მხარე ფესტივალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. სასტუმროს სარეპეტიციო სივრცეში უკვე მიმდინარეობს რეპეტიციები და მასტერკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის ” – განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
„სილქ როუდ ჯგუფი“ პარკოტელის მსგავსი ბიუჯეტური სასტუმროების მშენებლობას საქართველოს მასშტაბით გეგმავს, მათ შორის მთიან რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი თითქმის მთლიანად ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური განვითარებისთვის.
თავად წინანდლის ფესტივალი, საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება, რომ ამ ისტორიულმა მხარემ მსოფლიო კულტურულ კალენდარში ღირსეული ადგილი დაიკავოს.
წინანდლის მუსიკალური ფესტივალი 15 დღის განმავლობაში 40 მდე საორკესტრო, კამერული, და სოლო კონცერტს წარადგენს. მუსიკის მოყვარულებს 1200 ადგილიანი ამფითეატრიდან 600 ადგილიანი კამერული მუსიკის დარბაზი უმასპინძლებს, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში საგანგებოდ ფესტივალისთვის აშენდა.
წინანდლის ფესტივალის წარმდგენი კომპანიაა „სილქნეტი“.
Commersant.ge