ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"წლევანდელი ზაფხული ისეთი დატვირთულიც კი არაა, როგორიც თუნდაც 2020 წელს იყო" - სასტუმრო ლაგოდეხში
06 აგვისტო, 2021

“პანდემიამდელ პერიოდს თუ შევადარებთ, წელს ტურისტების მხოლოდ 1%-ია ლაგოდეხში”, - ამის შესახებ BM.ge-სთან სასტუმრო/რესტორანი “წისქვილის” დამფუძნებელმა, გიორგი გოგობერიშვილმა ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, რომ 2021 წლის ზაფხული კიდევ უფრო ცუდი გამოდგა ბიზნესისთვის, ვიდრე 2020 წელი იყო.

"პანდემიამდე პერიოდში ბევრად მარტივად იყო ყველაფერი, ჩვენს სასტუმროს და რესტორანს ხშირად სტუმრობდნენ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან ჩვენი სასტუმრო ნაკრძალთან ძალიან ახლოს მდებარეობს და ეს ტურისტებისთვის კომფორტს წარმოადგენს. წლევანდელი ზაფხული ისეთი დატვირთულიც კი არ არის, როგორიც იყო თუნდაც გასულ წელს", - აცხადებს სასტუმროსა და რესტორან "წისქვილის" დამფუძნებელი.

ამასთან, გიორგი გოგობერიშვილი BM.ge-სთან ამბობს, რომ პანდემიამ ლაგოდეხში საკმაოდ დიდი ცვლილებები გამოიწვია. გარდა იმისა რომ ტურისტების ნაკლებობას უჩივიან, სირთულეებთან იყო დაკავშირებული კადრების გადამზადებაც.

“პანდემია რომ დაიწყო, ყველა რეგულაციის დაცვით უნდა გაგვეგრძელებინა ფუნქციონირება, ამიტომ მოგვიწია კადრების გადამზადება, რათა ტურისტებს თუ ადგილობრივ დამსვენებლებს შესაბამისი დაცვით და უსაფრთხოებით დავხვედროდით. ძალიან გაგვიჭირდა და დიდ სირთულეებს გადავაწყდით გადამზადების პროცესში. ჩვენ ვითხოვთ, სახელმწიფოს მეტ ჩართულობის ტურიზმის ბიზნესში. ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილია, თავისი ბუნებით… ჩვენთვის, აქაური, ლოკალური ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ტურისტებს ყველანაირი კომფორტი უნდა შევუქმნათ, რომ ნაკრძალი მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულება გახდეს.. ჩვენ, ადგილობრივი ბიზნესი ყველაფერს ვაკეთებთ ტურისტების მაქსიმალურად მომსახურებისთვის, მაგრამ თუ მეტად არ ჩაერთო სახელმწიფო, ამ პერიოდში, როცა პანდემია ასე მძვინვარებს, მარტოს ვერაფერს გავხდებით", - ამბობს გიორგი გოგობერიშვილი.

სასტუმრო/რესტორანი “წისქვილი” ლაგოდეხში 2008 წლიდან ოპერირებს. ბიზნესის საწყისი მხოლოდ საზაფხულო ფაცხები იყო, ამ დროის განმავლობაში გაფართოვდნენ და დღეისთვის სასტუმრო/რესტორანში შესაძლებელია სტუმრების მასპინძლობა წელიწადის ნებისმიერ დროს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.