საქართველოში 1.2 მილიონი ტურისტი შემოვიდა და შემოსავლებმა 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - Galt&Taggart
2022 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს 1.2 მილიონი ტურისტი ეწვია (+186.3% წ/წ, 2019 წლის პირველი ნახევრის 56.8%) და ჩვენი შეფასებით, ტურიზმის შემოსავლებმა 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+289.5% წ/წ, 2019 წლის პირველი ნახევრის 80.2%). ინფორმაცია Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის ივნისში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა ბოლო 2 წელიწადში პირველად მიაღწია 2019 წლის დონის 64.1%-ს.
„ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენა დაჩქარდა ივნისში, რომელმაც 2019 წლის ივნისის 33.3% შეადგინა, რაც 4.8 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. ამრიგად, 2022 წლის ივნისში 387.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+164.4% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში. ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (23.3% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება თურქეთი (16.0% წილი) და სომხეთი (16.0% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (65.2%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (33.9%-იანი წილი)“, — აღნიშნავენ Galt&Taggart-ში.
commersant.ge