ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
8000 წლის წინ დაწყებული ქართული ღვინის ისტორია “თბილღვინოსგან“ - VIDEO
17 დეკემბერი, 2020

„8000 წლის წინ დაწყებული ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება” - ასე ჰქვია ანიმაციურ ვიდეო რგოლს, რომელიც კომპანია „თბილღვინომ“ პარტნიორი ქვეყნებისთვის საქართველოს ისტორიისა და ვაზის განვითარების გზის უკეთ გასაცნობად შექმნა. პროექტის შესახებ კომპანიის ბიზნეს განვითარების მენეჯერი ლაშა ლომაშვილი საუბრობს.

- მოგვიყევით ანიმაციის იდეისა და „თბილღვინოს“ შესახებ

- „თბილღვინო“ უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს და მსოფლიოს 30 ქვეყანაში 70-ზე მეტი პარტნიორი ყავს. ჩვენ მიერ შექმნილი ანიმაციის იდეა სწორედ პარტნიორი ქვეყნებისთვის საქართველოს ისტორიისა და ვაზის განვითარების გზის გასაცნობად გაჩნდა. იდეაზე მუშაობის დროს მივხვდით, რომ უნდა შეგვექმნა ანიმაცია, რომელსაც ქართველი ხალხი შეიყვარებდა და სხვასაც სიამოვნებით გაუზიარებდა.


მიზნად საქართველოს 8000 წლიანი, უმდიდრესი და მრავალფეროვანი ღვინის ისტორიის გაცოცხლება დავისახეთ, რომელიც ყველა ქართველისთვის საამაყოა. გადავწყვიტეთ, ღვინის მიერ საუკუნეების განმავლობაში საქართველოში განვლილ გზასთან ერთად, გვეჩვენებინა, რომ ჩვენ ამ მემკვიდრეობას ვაგრძელებთ. გვსურდა, საქართველოზე, ღვინის კულტურასა და თბილღვინოზე შექმნილი შთაბეჭდილება ყველა მნახველს დიდხანს გაჰყოლოდა.

- როგორი იყო ანიმაციის შექმნის პროცესი?
ანიმაციაზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუშაობის პროცესი სააგენტო Hans & Gruber-ის მიერ კრეატიული კონცეფციის შექმნით დაიწყო. სცენარის ისტორიული დეტალები კი არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილის დახმარებით გადამოწმდა. მივიღეთ რჩევები პალინოლოგ ელისო ყვავაძისგან, არქეოლოგ იულონ გაგოშიძისგან და ენათმეცნიერ ლევან კოჭლამაზაშვილისგან. შეიქმნა ანიმატიკი სტუდია Animaroty-ს მიერ, შემდგომ კი Hans&Gruber-ის არტ დირექტორმა, გიორგი მაღრაძე Artman-მა პერსონაჟებისა და პეიზაჟების ვიზუალი შექმნა, რაც სტუდია Animatory-მ გააცოცხლა. მუსიკალური კომპოზიცია კი Postred-ის ნამუშევარია.

- რას გვეტყვით „თბილღვინოს“ როგორც კომპანიის ისტორიაზე, მის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე.

1962 წელს საქართველოში მაღალხარისხოვანი, საექსპორტო ღვინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რითიც სათავე დაედო სრულიად ახალ ეტაპს თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის წინაპირობა არის მომხმარებელი - ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით.

„თბილღვინო“ მუდამ ზრუნავს პროდუქტის განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე. შევქმენით ონლაინ მაღაზია, სადაც შესაძლებელია ღვინის შეძენა, 2020 წლის რთველის მოსავლით კი ვქმნით 6 ახალ, განსხვავებულ ღვინოს, რომლებიც სხვადასხვა არომატითა და კატეგორიით გამოირჩევიან. თბილღვინოს ვენახები 306ჰა-ზე არის გაშენებული, ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში. დღესდღეობით თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს - ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც განაპირობებს საუკეთესო ხარისხს. თბილღვინო წლების განმავლობაში იღებს ჯილდოებს მსოფლიოში აღიარებულ კონკურსებზე. თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა განაპირობებს სტაბილურ ხარისხს და ქმნის სანდოობას.
 

www.bm.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.