Worldatlas: საქართველო მაღალხარისხიანი ღვინის ერთ–ერთი უძველესი მწარმოებელია.
ცნობილი გამოცემა Worldatlas-ი საქართველოს წამყვან ინდუსტრიებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ავტორი წერს ქვეყნის წამყვანი 4 ინდუსტრიის შესახებ. მათგან ერთ–ერთი სამთო-მოპოვებითი საქმიანობაა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ ამ მიმართულების ათვისება საუკუნეების წინ დაიწყო. ქართველები ოქროს, ბრინჯაოს, თითბრის, რკინისა და სპილენძის მოპოვებით საქმიანობას ეწეოდნენ.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც მოსახლეობის 55%-ს ასაქმებს. საქართველოში არსებული ნიადაგი და კლიმატი სასოფლო-სამეურნეო სექტორს ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ სფეროდ აქცევს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.1%-ს შეადგენს. Worldatlas-ი წერს, რომ საქართველო მაღალხარისხიანი ღვინის ერთ–ერთი უძველესი მწარმოებელია.
ცნობილი გამოცემა ეხება ტურიზმსაც, რომელიც, მათი თქმით, ქვეყნის მნიშვნელოვანი სექტორია და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6,7%-ია. ამ სექტორიდან ქვეყნის შემოსავლი 1.94 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. 2018 წელს საქართველომ 8,7 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა.
სტატიის ავტორის თქმით, საქართველო 2025 წლისთვის 11 მილიონი ვიზიტორის მასპინძლობას გეგმავს, შემოსავალის სახით კი ამ დროსთვის ქვეყანა 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს გააჩნია ფართო ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, რაც სერიოზულ შანსს აძლევს ქვეყანას, რეგიონში ელექტროენერგიის მიმწოდებელი გახდეს, ხოლო აქ არსებული 26 ათასი მდინარიდან, 300 მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოების კუთხით.
imedinews.ge