წყალტუბოს განთავსების საშუალებებისთვის პრობლემაა კლიენტურის მოზიდვა - ანდრო ჯიშკარიანი
იმისათვის, რომ სახელმწიფომ პრივატიზებისთვის გამოტანილი წყალტუბოს ობიექტებით ინვესტორი დააინტერესოს ჯერ თავად კურორტი უნდა განავითაროს და მასზე სათანადო მოთხოვნა იყოს, რასაც თავის მხრივ პიარი სჭირდება, - მიიჩნევს მოქმედი Legend Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელ ანდრო ჯიშკარიანი.
როგორც ბიზნესმენი განმარტავს, ინვესტორი ობიექტის შეძენამდე აუცილებლად არსებულ მოთხოვნას დააკვირდება და ამის მერე მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს მოთხოვნა კი საკმაოდ დაბალია.
„ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. კარგია თუ საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტები გაიყიდება და ინვესტორების მიერ ამ ლოკაციის მიმართ ინტერესი იქნება. თუმცა ჩემი აზრით, თუ კურორტი არ განვითარდა არაფერი შეიცვლება. ამ მომენტისთვის, წყალტუბოს განთავსების საშუალებებისთვის პრობლემაა კლიენტურის მოზიდვა. საშუალოდ წლიურ ჭრილში წყალტუბოში მიწოდება უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა - ამ მომენტისთვის. საინტერესო შეიძლება იყოს ის, რომ ერთიანად კურორტი რომ გარემონტდება, ბევრი ოფერი იქნება და ლოკაცია გაპიარდება - ამ გაპიარებაში ძალიან დიდი წვლილი უნდა ჰქონდეს რა თქმა უნდა სახელმწიფოს. ანუ ლოგიკა ისაა, ობიექტი მაშინ გაიყიდება კარგად, როდესაც ლოკაციაზე დიდი მოთხოვნაა. სხვა სასტუმროს აუქციონზე კარგად იმ შემთხვევაში გაყიდი თუ არსებულ სასტუმროებზე არის მოთხოვნა“, - აცხადებს ანდრო ჯიშკარიანი.
ის, რომ წყალტუბო დღეს ისე ცნობილი აღაა როგორც ადრე ბიზნესმენი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
„ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ მთავარია ის, რომ ლოკაცია არაა კარგად გაპიარებული. საქართველოში მოწესრიგებული ტურიზმის რაოდენობა ჩემი აზრით შემცირებულია. გარკვეულ ადგილებში არის უფრო ექსპანტების შემოსვლა, ვიდრე ტურისტების. გარე ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, გზები და წყალარინების სისტემები წყალტუბოში მოწესრიგებულია. კარგი იქნება თუ მიმდინარე სერვისი გაუმჯობესდება და იჯარით მეტი ობიექტი გაიცემა, რათა ადგილის დამატებითი მიმზიდველობისთვის ბევრი გასართობი ობიექტი გაჩნდება, - აცხადებს ჯიშკარიანი.
Legend Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ წყალტუბოს ცნობადობა ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებშიც კი დაბალია, რადგან ვინც ამ კურორტს იცნობდა უკვე იმ ასაკში არიან, რომ ტურისტულ ვიზიტებს აღარ ახორციელებენ.
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გაყიდვას და შემდგომ რეაბილიტაცია/აშენებას ითვალისწინებს.
კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა წყალტუბოში მდებარე 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია.
ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.
პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს. წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ დასვენების უმაღლეს ხარისხს, ეკოლოგიას და ბუნების ძეგლებს. საინვესტიციო შეთავზების ელექტრონული კატალოგი - https://bit.ly/3yFTQgf
commersant.ge