ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა 2021 წლამდე გადაიდო
29 ივლისი, 2019

წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა 2021 წლამდე გადაიდო – ამის შესახებ „კომერსანტს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის სექტემბრამდე გადავადებას.

ქონების ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია მიზეზად სანატორიუმი „მეშახტის“ შენობა-ნაგებობის რთულ სპეციფიკას და 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთების პროცესის სირთულეს ასახელებდა. „სააგენტომ გაითვალიწინა კომპანიის მიერ დასახელებული გარემოებები და სასტურმროს აშენების ვალდებულება გადაუვადა“-აღნიშნავენ სააგენტოში.

თავად ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე „კომერსანტთან“ ამ ეტაპზე კონტაქტზე არ გამოდის. 2018 წლის ოქტომბერში კი აცხადებდა, რომ 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის გადავადება პროექტის შეცვლას უკავშირდებოდა.

„ახალი პროექტის მიხედვით სასტუმროში მასში 100-ის ნაცვლად 150 ნომერი განთავსდება. გაიზრდება ინვესტიციის მოცულობაც, რომელიც 40-45 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ნაცვლად 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც უკვე დაზუსტდება რამდენით გაიზრდება განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა და რომელი საერთაშორისო ბრენდი იქნება ოპერატორი“-აღნიშნავდა ზვიადაძე.

როგორც ცნობილია , განიხილებოდა 4 საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის ერთ-ერთი ჰილტონ-ი.

შეგახსენებთ, „ქეი ბი ფი თბილისმა სანატორიუმი „მეშახტე“ 2015 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით 2,5 მილიონ დოლარად შეიძინა.სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №13-ში მდებარე სანატორიუმში 3 წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება იყო დაგეგმილი.

მთავრობამ კი ინვესტორის წინაშე გარკვეული ვალდებულება აიღო. კერძოდ მთავრობა ვალდებული იყო სასტუმროსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, სათანადო მოცულობის (წნევით ბუნებრივი აირის გატარების) მილის გაყვანა უზრუნველყო, რისთვისაც ფული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან დაიხარჯებოდა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.