„სემეკის“ გადაწყვეტილებით, საოჯახო სასტუმროებს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან სასმელი წყლის ტარიფის გადახდის წესი ეცვლებათ. გადახდის ახალი სისტემის მიხედვით, საოჯახო სასტუმროებისთვის 25 მ3-მდე სასმელი წყლის მოხმარების შემთხვევაში გადასახადი მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტარიფით გავრცელდება, რაც არის დაახლოებით 33 თეთრი, ხოლო 25 მ3-ის მოხმარების შემდგომ უკვე კომერციული ტარიფის გადახდა მოუწევთ.
როგორც bm.ge-მ გაარკვია, საოჯახო სასტუმროები ტარიფის წესის ცვლილებაზე ინფორმირებულები არ არიან. ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ წყლის ტარიფის გაძვირება დანახარჯებს გაუზრდით, რაც მომსახურების ფასის ზრდაზეც აისახება.
„დარეგისტრირებულები ვართ , როგორც საოჯახო სასტუმრო და საყოფაცხვრებო ტარიფს ვიხდით. სიღნაღს წყალი ისედაც გრაფიკით მოგვეწოდება დილით. წყლის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში რა თქმა უნდა, მომსახურებას გავაძვირებთ. ისე ხომ არ დავრჩებით? ალბათ დაახლოებით 10 ლარით გავაძვირებთ. ამჟამად ჩვენთან ერთი ღამის გათევა 50-100 ლარი ღირს“ – განაცხადა სიღნაღში Lia’s Guest House-ის წარმომადგენელმა თიკო თანდილაშვილმა.
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „ანამარიას“ მეპატრონე მაკა შემაზაშვილი აღნიშნავს, რომ მასთან საკითხზე კონსულტაცია არავის ჰქონია. ისიც მიიჩნევს, რომ ტარიფის წესის ცვლილებამ შესაძლოა სასტუმროს მომსახურება გააძვიროს.