ახალციხეში რაბათის კომპლექსის განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო . საუბარია რაბათის უბნის განვითარების მეორე ეტაპზე, რომელიც დამატებითი ტერიტორიის კეთილმოწყობასა და აბანოების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე აცხადებს, რომ რაბათის აბანოების გაწმენდით სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გამარჯვებული 5-6 დეკემბრისთვის გახდება ცნობილი.
კოპაძის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტი გაწმენდით სამუშაოებს და აბანოების კონსერვაციას მოახდენს, სამუშაოების შემდგომ ეტაპს კი ძეგლთა დაცვის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს გზის ინფრასტრუქტურის მოწყობა. კოპაძის თქმით, სინაგოგასთან მისასვლელი გზა უკვე გაკეთებულია, ასევე გაკეთებულია ებრაელების სასაფლაოსთან მისასვლელი, სამუშაოები მომავალი წლისთვის დასრულდება.
მისი თქმით, აღნიშნულ სამუშაოებზე ჯამში 34 000 ლარი დაიხარჯება.
სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, დაგეგმილია გურამიშვილის და ხმალაძის ქუჩებზე არსებული ძველი სახლების რეაბილიტაციაც. „აქ არის კერძო საკუთრებები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, სახლის გარეთა ხედები, სახურავები. პროექტი 3.5 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ამაზე ტენდერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს"-აცხადებს კოპაძე.
რაბათის ციხის განვითარების მეორე ეტაპის დაწყება „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რამდენჯერმე დააანონსა, მათ შორის 2014 წლის მაისში.
ისტორიული უბნის რეაბილიტაციის განვითარების გეგმებს მაშინ ადგილობრივები იმედით შეხვდნენ. მათი თქმით, უბნის ნაწილი რთულ მდგომარეობაშია, გზები მოუწესრიგებელია, საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ავარიულია და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს.
მაშინ მოსახლეობა აცხადებდა, რომ უბნის რეაბილიტაცია ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მათი თქმით, რეაბილიტირებული ნაწილის გარდა, რაბათის უბანში ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ სასწრაფოსაც კი უჭირს მისვლა. ისინი რეაბილიტირებული რაბათის მოუვლელობაზეც საუბრობდნენ.
მოსახლეობის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც ტურისტი ჩადის და რაბათის რეაბილიტირებული ნაწილის იქით „სანაგვე" ხვდება.
ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2012 წელს, წინა ხელისუფლების მიერ განხორციელდა. ამავე პერიოდში იგეგმებოდა რაბათის განვითარების მეორე ეტაპის განხორციელებაც, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროცესი შეფერხდა.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, რაბათის ციხემ ამ დრომდე 40 000 ადამიანი მიიღო. შარშან ანალოგიურ პერიოდში კი რაბათს 17 000 ადამიანი ეწვია.