ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხელისუფლების მიერ „ქართულ დავოსად“ წოდებულ ბაკურიანში ტურისტებისთვის გაუსაძლისი პირობებია
31 აგვისტო, 2017

კურორტზე, რომელიც ხელისუფლების გეგმების თანახმად, უახლოეს წლებში „ქართულ დავოსად“ უნდა იქცეს, ტურისტებისთვის დასვენება ჯერ ისევ არაკომფორტულია. კურორტზე ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტიც კი არ არსებობს. „კომერსანტი“ რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ საკურორტო სეზონზე, აქტიურად ეხმაურებოდა ამ პრობლემას და ხელისუფლებისგან ითხოვდა პასუხს კითხვაზე: როდის ექნებოდა ბაკურიანს ტროტუარები, რათა დამსვენებელთა, მათ შორის, ბავშვების გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო? ამ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო ის, რომ 2017 წლის ზაფხულიდან ეს პრობლემა პრაქტიკულად, მოიხსნებოდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, თუმცა მიმდინარე სეზონზე ბაკურიანში ჩასულ ტურისტებს დასვენებისთვის ისევ არაკომფორტული გარემო დახვდათ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ერთ-ერთმა დამსვენებელმა განაცხადა, წელს ბაკურიანში იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ მომავალ წელს, ზაფხულის სეზონზე აღნიშნულ კურორტს აღარ ესტუმრება. „ყველაფერი ბუღშია, გარშემო მშენებლობებია, საკურორტო სეზონის პარარელურად მიდის გზის მშენებლობის და სხვადასხვა სამუშაოები, ფანჯარას ვერ გააღებ, მტვერი შემოდის. საშინელი მდგომარეობაა. არანაირი სურვილი არ მაქვს, მომავალი წლის ზაფხულში აქ ჩამოვიდე“ - აცხადებს ერთ-ერთი ტურისტი.

პრობლემის შესახებ საუბრობენ ბაკურიანში არსებული საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებიც. „ჩემი სახლის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელს კურორტზე გასულ წელთან შედარებით ტურისტების სიმცირეა. მათი ინფორმაციით, ამის მიზეზი ტურისტული სეზონის პარარელურად არსებული სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მათი სასტუმრო დატვირთული აღარ არის.

„ხალხი მტვერში დადიოდა, საშინელი პირობაა იმისთვის, რომ დაისვენო. ცხელი სეზონის დროს კეთდება ყველაფერი, პრეტენზია ჰქონდათ დამსვენებლებს, ამით კმაყოფილი ვინ იქნებოდა? ტურისტებისგან მსმენია ასეთი შედარებები, რომ კოჯორსა და მანგლისში უკეთესია დასვენება, ვიდრე ბაკურიანში“-აცხადებენ სასტუმროში.

სასტუმრო „წითელ სახლში“ აცხადებენ, რომ ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული რაოდენობის იდენტურია. დამსვენებლებს წარმოადგენენ როგორც ქართველები, ისე უცხოელები. როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტევენ, მათი სასტუმრო ცენტრალური ტრასისგან შედარებით მოშორებითაა, ამიტომ კურორტზე არსებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა მათზე ნეგატიური ზეგავლენა ვერ მოახდინა.

„ცენტრში მშენებლობები მიდის, შუა სეზონზე დიდი ტრაილერები დადის და სავარაუდოდ, იქ არსებული სასტუმოებისთვის ეს ფაქტი კარგი არ იქნება“ - აცხადებენ „წითელ სახლში“.

სასტუმრო „ედელვაისში“ აცხადებენ, რომ მათი სასტუმროსთვის საკურორტო სეზონი მხოლოდ ორი კვირა იყო. ამის მიზეზი კი კურორტზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ბუმია. კერძოდ, როგორც სასტუმროში აცხადებენ, იმ კატეგორიამ, ვისაც დამატებითი ფინანსური სახსრები გააჩნდა, ბინები შეიძინა და შესაბამისად, საოჯახო სასტუმროებმაც თავისი ფუნქცია დაკარგა.

„წელს გვყავდა ტურისტები, თუმცა, მცირე რაოდენობით. ჩვენი სასტუმროს მაგალითზე თუ ვიტყვით, ნაკადი შემცირებულია“ - აცხადებენ სასტუმრო ‘ედელვაისში“.

„კომერსანტი“ გთავაზობთ რამდენიმე დღის წინ, კურორტზე გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც ასახავს, რამდენად მოუწესრიგებელია ბაკურიანი. ფოტომასალაზე კარგად ჩანს, რომ ამ პრობლემის გამო დამსვენებლები დისკომფორტს განიცდიან.

width=507

width=520

width=514

width=520

რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კურორტი ზაფხულის სეზონს დასრულებული და განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვედროდა, ამის გარკვევა „კომერსანტმა“ ბორჯომის რაიონის გამგეობაში სცადა.

ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი განმარტავს, რომ წელს როგორც ბორჯომს, ისე ბაკურიანს საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს. მათ შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე დამსვენებლები არაბეთიდან, პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან და ევროპიდან.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოხერხდა სამუშაოების ტურისტულ სეზონამდე დასრულება, ამაზე ყიფიანი განმარატვს, რომ სამუშაოები ივნისში დაიწყო, რადგან მანამდე ცუდი კლიმატური პირობები ამის საშუალებას არ იძლეოდა.

„ბაკურიანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ მიმდინარეობს. ზამთარში ვერ იმუშავებ, წელს ივნისის ბოლოდმე წვიმები იყო. როდესაც მოგვეცა საშუალება, დავიწყეთ მუშაობა. ყველა სამუშაოს თავისი პროცედურები აქვს. იძულებულები ვართ ხარისხი დავიცვათ. წელს თუ ასეთი ამბავი იყო, მომავალ წელს აღარ იქნება. ხომ არ მივაგდებთ ყველაფერს და ვიტყვით, რომ რადგან ტურისტული სეზონია არაფერი არ გავაკეთოთ. ასე არ გამოდის. სამუშაოებს სამწუხაროდ, დრო სჭირდება. ოქტომბრის ბოლოდან კი აქ თოვლია. ფაქტობრივად, ბაკურიანში აქტიური სამუშაოებისთვის სულ 3-4 თვეა, ერთი ხელის მოსმით და ერთ ღამეში ყველაფერი ვერ კეთდება. სხვა გამოსავალი არ არის. რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს?“ - აცხადებს ყიფიანი.  

როგორც ყიფიანი განმარტავს, წელს ბაკურიანში, 14 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ამბიციური გეგმები აქვს: იგეგმება კურორტის რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის ვადად 2016 წელს 3 წელი დასახელდა.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

წყარო: commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.