ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფერო გლობალური და საზოგადოებრივი განვითარების ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს, ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებებს შორის კი უპირველესია ხელოვნური ინტელექტი (AI- Artificial Inteligence).
მსოფლიოში დაინტერესება ამ კუთხით ყოველდღე იზრდება და სხვადასხვა ინდუსტრია სამუშაო პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად ხელოვნური ინტელექტის რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს, მათ შორისაა ტურიზმიც.
ტურიზმის ექსპერტი და ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი - მამუკა ბერძენიშვილი, სტატიაში გვიყვება, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანურ რესურსზე და როგორ უწყობს საქართველო ფეხს ტექნოლოგიურ განვითარებას.
მისი თქმით, ქართული რესურსი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად მწირია და საჭიროა, დაიხვეწოს საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემა, შესაბამისად, ქვეყანაში განვითარდეს ტექნოლოგიური უნარები არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ მომიჯნავე ინდსუტრიებშიც.
მამუკა ბერძენიშვილი ელექტრონულ კომერციის, ონლაინვაჭრობის ციფრული სერვისებისა და ლოკაციების რუკაზე დატანის მიმართულებით საქართველოში არსებულ სირთულეებზეც ამახვილებს ყურადღებას:
„ესეც კავშირშია იმ ადამიანების დაბალ ტექნოლოგიურ უნარებთან, რომლებიც ჩართული არიან ტურიზმის ბიზნესში. ათი ტუროპერატორიდან შეიძლება, კარგ შემთხვევაში, ერთი ან ორი იყოს ადაპტირებული ციფრული სამყაროს მოთხოვნებთან, დანარჩენი ისევ ტრადიციული ხერხებით ცდილობს პროდუქტების გაყიდვას, ამიტომ ეს სურათი იგივეა და არ იცვლება არც ამ მიმართულებით, ამრიგად, ისევ განათლების სისტემასთან მივდივართ.“ - აღნიშნავს მამუკა ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ალგორითმები აქამდეც მუშაობდა ბევრ დიდ კომპანიაში და ახლა ამ შესაძლებლობების გამოყენებას მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაცია აქტიურად ცდილობს:
„ხელოვნური ინტელექტი იმდენად ახალი და მნიშვნელოვანია მომავლისთვის, რომ ჯერ კიდევ თამაშის საგანია, ვიდრე რეალური გადაწყვეტილება ტურიზმის სფეროსთვის, ამიტომ მის ინტეგრირებას თავიდანვე ცდილობენ დიდი მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ როგორც უნარი, ისე განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობები, იგივე Expedia.
ეს გადაწყვეტილებები მასობრივად ახლა იკიდებს ფეხს, თუმცა, როგორც ასეთი, ყოველთვის არსებობდა და ახლა გახდა ბაზვორდი. მაგალითად, გუგლი ტურიზმის მიმართულებით ყოველთვის იყენებდა ალგორითმებსა და ჭკვიან პროგრამებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საფუძველს ემყარება და ვიცით, როგორ ერგება ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნებს ძებნისას, ასევეა Booking.com-იც, ასე რომ, ეს ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ ახლა უფრო ცნობადი და პოპულარული გახდა, შესაბამისად, ინდუსტრია ცდილობს მას ფეხი აუწყოს, თუმცა მასობრივ დონეზე და ყველა გადაწყვეტილების შრეში მისი დანერგვა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ჯერ კიდევ შორსაა და ვიტყოდი, რომ მსოფლიოს დონეზე საშუალოდ ხუთი წელი დასჭირდება, ჩვენს შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი.“ - გვიყვება მამუკა ბერძენიშვილი.
იგი ხელოვნური ინტელექტის ტურიზმში დანერგვასთან დაკავშირებულ იმ ფაქტორებსაც განიხილავს, რომლებიც დადებით და უარყოფით გავლენას ახდენენ ამ სფეროში დასაქმებულებსა და მოგზაურებზე. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მექანიზმი ბიზნესებს აზოგინებს თანხას, აძლევს სწრაფის უკუგების მიღების შესაძლებლობას და საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოემსახუროს, მომხმარებელი კი, სურვილებზე მორგებულ სერვისებთან ერთად, ზოგავს დროსა და სამოგზაურო ბიუჯეტს, რადგან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ოპტიმალური ფასის მოძებნის შანსი კიდევ უფრო იზრდება:
„უარყოფითად, პირველ ეტაპზე, შეიძლება დასაქმებაზე ახდენდეს გავლენას, როცა ბაზარი ადაპტირდება - თუნდაც TripAdvisor-მა ევროპის ოფისის თანამშრომლების 95% გაათავისუფლა სამსახურიდან სწორედ იმ მიზეზით, რომ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების საშუალებით დაადასტურა ამ ადამიანების შრომის ჩანაცვლება, თუმცა დადებითი მხარე ის არის, რომ მომხმარებელს ექნება ძალიან სწრაფად, ცოცხალ რეჟიმში, თავის სურვილებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების მიღების შესაძლებლობა. როცა ყველა დაკავებულია, წამებში ხარისხიანი სერვისის მიღება ძალიან ფასობს, შესაბამისად, ბევრ დროს გაზოგინებს. ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე ჩანს, შემდგომ კიდევ გამოიკვეთება დადებითი და უარყოფითი მხარეები ამ მიმართულებით.“ - აღნიშნავს მამუკა ბერძენიშვილი.
ქართულ რეალობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და მისგან მიღებული სარგებლის მაგალითი არც თუ ისე ბევრია, თუმცა მამუკა ბერძენიშვილი იხსენებს მოგზაურობის პერსონალიზირებულ გზამკვლევ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელზე მორგებულ ტურს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აგენერირებს:
„ხელოვნური ინტელექტის ტურიზმში დანერგვა ჩანასახოვან პროცესშია და ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ არსებობს ქართული აპლიკაცია „ბილიკი,“ რომელიც უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს მარშრუტის დაგეგმვისას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ეს ქართული ინიციატივა და პროდუქტი ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რა შეუძლია გააკეთოს ხელოვნურ ინტელექტს ტურიზმისთვის.“
დღეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პლატფორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი გენერაციული პროგრამა ChatGPT- ია, რომელიც მომხმარებელს სასურველი ტექსტების დაწერაში, კითხვებზე პასუხების პოვნაში, ტერმინების განმარტებაში, პროგრამული კოდების გენერაციასა და სხვა დავალებების შესრულებაში ეხმარება.
ავტორი: ანა შენგელია