ხევისჭალას შუა საუკუნეების საყდარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხევისჭალაში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ხევისჭალას საყდარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ძეგლისთვის აუცილებელი მახასიათებლები: შირიმის პერანგი, კარნიზი, პილასტრები და პროფილირებული კაპიტელები, კრიპტა, სარკოფაგი. ჯვრის რელიეფური გამოსახულებები.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი, რიყისა და შირიმის ქვით დუღაბზე.
დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. კედლები დასრულებული იყო პროფილირებული ლავგარდნით.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი დაზიანებულია და შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი წირთხლია. ყველა კედელში თითო სარკმელია. მათგან აღმოსავლეთის თაღოვანია, დანარჩენი კი სწორკუთხა. ეკლესია შიგნიდან რიყის ქვითაა ნაგები, პილასტრები, კაპიტელები და თაღები შირიმითაა გაკეთებული.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ასევე ასევე თაღოვანია სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკმლები, დასავლეთის კი - სწორკუთხა.
ტაძრის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ტაძრის თანადროული სარკოფაგია. გადახურულია კამარით. შესასვენებელი დასავლეთიდან აქვს. სარკოფაგის ჩრდილოეთი კედლის შუბლი შირიმის ქვაზე ჯვრის ორი რელიეფური გამოსახულებითაა დამშვენებული.მთლიანადაა შემოძარცვული შირიმის პერანგი, დარჩენილია მხოლოდ სამხრეთი კედლის ნაწილზე. სახურავი არ შემორჩა. დაფარულია მცენარეულობით. აბსიდის სარკმლისქვედა ნაწილი განგრეულია, ჩამოშლილია კარის ნაწილი. ასევე ჩამოშლილია სარკოფაგის კედლის ნაწილი.
www.travelingeorgia.ge